30/08/2025
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის განცხადება:
გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი კოლეგებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ, რომელთა საბანკო ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღდა, როგორც ეს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
ეს გადაწყვეტილება მძიმე დარტყმაა სამოქალაქო სივრცისთვის და სერიოზულ გამოწვევას უქმნის ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლიანობის საფუძვლებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობას, არამედ პირველ რიგში აზარალებს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, - ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულებსა და შშმ პირებს. როდესაც დამოუკიდებელი ორგანიზაციები კარგავენ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, იზღუდება მათი შესაძლებლობა ემსახურონ საზოგადოებრივ სიკეთეებს და ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას. საზოგადოებას არ უნდა წაერთვას იმ პროფესიონალთა ხმა და ძალისხმევა, რომლებიც წლებია საქართველოს წინსვლასა და მოქალაქეთა კეთილდღეობას ემსახურებიან.
სრული სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს!..