04/11/2026
ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ და სკოლებსაც გამუდმებით მოვუწოდებთ: ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ სახელმძღვანელოებით.
რატომ არის აუცილებელი, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ჩაერთონ სოციალურ და საქველმოქმედო აქტივობებში?
1. ემპათიისა და თანაგრძნობის განვითარება: როდესაც მოზარდი ხედავს სხვის გასაჭირს, მონაწილეობას იღებს სიკეთის კეთებაში და ეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება, მასში ყალიბდება თანაგრძნობის უნარი. ემპათიური ბავშვი არასოდეს მიაყენებს ტკივილს თანატოლს.
2. პასუხისმგებლობის გრძნობა: სოციალური პროექტები ბავშვს ანიჭებს განცდას, რომ მისი ქმედება მნიშვნელოვანია, რომ მას შეუძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. ეს აყალიბებს ჯანსაღ, პასუხისმგებლიან მოქალაქეს.
3. აგრესიის ჩანაცვლება პოზიტიური ენერგიით: მოზარდობის ასაკში დაგროვილი ენერგია და ემოციები საჭიროებს სწორ რეალიზებას. საქველმოქმედო და სოციალური საქმიანობა იძლევა საშუალებას, ეს ენერგია მიიმართოს აღშენებისკენ და არა ძალადობისკენ.
4. ჯანსაღი სოციალიზაცია: მსგავს სივრცეებში ბავშვები სწავლობენ ურთიერთთანამშრომლობას, გუნდურობას, სხვისი საზღვრებისა და უფლებების პატივისცემას.
„თხილის გულში“ ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ მოსწავლეებს და საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ იცვლება ბავშვის თვალები და დამოკიდებულება, როდესაც ის სიკეთის პროცესის მონაწილე ხდება.
მშობლებო და პედაგოგებო, გამოვიყვანოთ ბავშვები ოთხი კედლიდან და ვირტუალური სამყაროდან. ვაჩვენოთ მათ რეალური ცხოვრება, ვასწავლოთ ზრუნვა, გაზიარება და სიყვარული. სწორედ ეს არის ძალადობის პრევენციის ყველაზე ძლიერი იარაღი!