22/10/2026
🏹 ოლიმპიური რეზერვი, გზა 2032“ - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციასთან ერთად, ახალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი 12-დან 14 წლამდე ასაკის პერსპექტიული მშვილდოსნების აღმოჩენასა და მათ 2032 წლის ოლიმპიადისთვის მომზადებას ითვალისწინებს.
ოთხი ახალგაზრდა ქართველი მშვილდოსანი - მარიამ ნემსიწვერიძე, ანა სურგულაძე, ანა ყორშია და თეკლა რეხვიაშვილი - საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ესკიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული მეცნიერების ფაკულტეტის ბაზაზე რამდენიმედღიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს.
შეკრების პარალელურად გამართულ ტურნირზე ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით ისპარეზეს: პირად ჩათვლაში ანა სურგულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა მშვილდოსნებს ამ შედეგს და დიდ ოლიმპიურ წარმატებებს ვუსურვებთ!