08/06/2026
„ბავშვები ბავშვებისთვის“
6 ივნისს “კავკასიურმა სახლმა“ უმანსპინძლა სოფელ ნიქოზის ალ. ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც მაღალ დონეზე შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები.
ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გუნდის შესანიშნავი ხელმძღვანელის ნიკოლოზ ნებიერიძის დამსახურებაა.
ამ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა კიდევ იმიტომ ჰქონდა, რომ ნიქოზელ მომღერლებს „კავკასიურ სახლში“ თბილისის „ქართული ხმების“ სტუდიის მომღერალი ბავშვების გუნდი შეეგება, რომელმაც მსმენელებს ხალხური სიმღერების სხვა რეპერტუარი შესთავაზა და ასევე შესრულების მაღალი კლასი აჩვენა.
ამ გუნდს კი ხელმძღვანელობენ „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი, სიმღერის მასწავლებელი ნანა აბზიანიძე და „ქართული ხმების“ უფროსი თაობის სოლისტი და ლოტბარი ვასილ დოლიძე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ორივე გუნდის მიერ ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე შესრულებული მრავალჟამიერი.
და ასევე სპონტანურად შესრულებული „თბილისო“, რომელიც მიეძღვნა „კავკასიური სახლის“ დიდ მეგობარს, გერმანელ ქველმოქმედ იორგ ჰენლეს, რომლის ფონდი „ჰორიზონტი“ უკვე 30 წელია ფინანსურად ეხმარება ჩვენს ორგანიზაციას და სხვა დიდი კულტურული პროექტებიც აქვს დაფინანსებული საქართველოში.
იორგ ჰენლეს ისე უყვარდა საქართველო, რომ სიკვდილის წინ ქართულ სიმღერებს უსმენდა: „თბილისოს“ და „სულიკოს“. მის გასვენებაშიც ეს სიმღერები გაისმოდა.
სტუმრებზე ძალიან იმოქმედა ამ ინფორმაციის მოსმენამ და მომღერალმა ბავშვებმა განაცხადეს, რომ უკეთესად შეისწავლიდნენ ამ ორ სიმღერას და შემდეგ შეხვედრაზე შეასრულებდნენ. დარწმუნებული ვართ, ასეც იქნება.
ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს და იმედია, მომავალშიც იმეგობრებენ.
„კავკასიური სახლის“ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმთავითვე იყო თბილისისა და სხვა და სხვა სოფლების მოზარდების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც ტრადიციულად შაბათ-კვირის სკოლის ფარგლებში ხორციელდებოდა.
ეს სკოლა მრავალი წლის მანძილზე კავკასიური სახლის ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა. ახლა კი იგი სახლის ფილიალში - სოფელ ზემო მაღაროშია გადატანილი.
6 ივნისის ძალიან კარგი ღონისძიების ორგანიზატორს, ქალბატონ ნანა აბზიანიძეს და მთელ კავკსიურ სახლს, დაგეგმილი აქვთ თბილისელი და ნიქოზელი ბავშვების რიგრიგობით ჩაყვანა სოფელ ზემო მაღაროში, სოლომონ დოდაშვილის სახელობის სასწავლებელში. აქაც ახალი ხიდები გაიდება თბილისისა და სოფლის მოზარდებს შორის.
მადლობა ყველას, ვინც ქართული ხალხური სიმღერის შენარჩუნებას ემსახურება და ბავშვებს მათ სიყვარულს უნერგავს.
ესენი კი არიან როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლებიც, რომლებიც თავს არ იზოგავენ იმისთვის, რომ ბავშვებმა წინაპრების დიდი ხელოვნება გააგრძელონ.