24/03/2026
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი ჩვენს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (USDS) მიერ დაფინანსებულ პროექტს – „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისათვის“ (WISE პროექტი), რომლის ფარგლებში ვზრდით თეთრიწყაროში მომუშავე ქალ მეწარმეების ცნობადობას და მათ წარმატების ისტორიებს ვუზიარებთ საზოგადოებას.
პროექტი წარმოაჩენს ქალებს, რომლებმაც საკუთარი შრომითა და მიზანდასახულობით შექმნეს ბიზნესი, მიაღწიეს ფინანსურ დამოუკიდებლობას და გახდნენ ძლიერი მაგალითები სხვა ქალებისთვის. მათი გზავნილი ნათელია — საკუთარი საქმე ქალისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის, არამედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნების საშუალებაა.
გაიცანით ნატო ალთუნაშვილი – „ბირთვისის მეღვინეობის“ დამფუძნებელი, ქალი, რომელმაც ახალი იდეა სწრაფად აქცია წარმატებულ და პოპულარულ სივრცედ.
„ბირთვისის მეღვინეობა“ ახლად გახსნილი ობიექტია, თუმცა უკვე აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ადგილზე იწარმოება ღვინო, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხსა და ტრადიციების შენარჩუნებას ინოვაციური მიდგომებით.
ნატოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღვინის წარმოება, არამედ ძველი, ადგილობრივი ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენა და გამრავლება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის აგრო-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
ობიექტი მდებარეობს ბირთვისის კანიონთან მიმავალ გზაზე და გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც ტურისტებისთვის, ისე ღვინის მოყვარულებისთვის.
მეღვინეობის განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით, რამაც ხელი შეუწყო სივრცის მოწყობას და მის სწრაფ განვითარებას.
ნატოს ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალი ბიზნესი მოკლე დროში იქცეს წარმატებულ ბიზნესად — სივრცედ, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ბუნებას და თანამედროვე ხედვას, ქმნის შესაძლებლობებს როგორც თავად მეწარმისთვის, ისე მთელი თემისთვის. 💛
WISE - Women’s Initiative for Security and Equity
Anana Photography
ბირთვისის მეღვინეობა • Birtvisi winery
Galag - საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია