ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში 1958 წელს კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის ლაბორატორიის შექმნით (ზურაბ ტატაშიძე, შალვა ყიფიანი, არსენ ოქროჯანაშვილი, ბორის გერგედავა, ჯუმბერ ჯიშკარიანი და სხვ.) და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან სპელეოკომისიის (ნიკო კეცხოველი, კოტე ჯავრიშვილი, თამაზ კიკნაძე, კიაზო რაქვიაშვილი, გივი გაფრინდაშვილი და სხვ.) დაფუძნებით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში კარსტულ
ი მღვიმეების სისტემატიურ და გეგმაზომიერ კვლევას, რასაც წარმატებით აგრძელებენ საქართველოს სპელეოლოგთა კლუბის დამფუძნებლები (კუკური წიქარიშვილი, ზაზა ლეჟავა, იური დავლიანიძე, გიორგი დვალაშვილი, გიორგი ჩართოლანი, ლაშა ასანიძე, ბექა ლეჟავა და გიორგი წიქარიშვილი) და ახალგაზრდა (გია და გელა ციცვიძეები, სულიკო ძაგნიძე, ზურაბ ხომასურიძე, ლადო მუმლაძე და სხვ.) წევრები.
ქართველ სპელეოლოგთა დამსახურებაა ევროპაში საყოველთაოდ ცნობილი ახალი ათონისა და წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმეების აღმოჩენა და კეთილმოწყობა ტურისტთათვის, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ევროპის წამყვან კეთილმოწყობილ მღვიმეთა შორის.
კლუბი ახორციელებს მიწისქვეშა მღვიმური სისტემებისა და უნიკალური კარსტული ლანდშაფტების კომპლექსურ მეცნიერულ კვლევებს თანამდეროვე მეთოდებისა და საკვლევი ხელსაწყოების გამოყენებით. კარსტულ-სპელეოლოგიური მიმართულებით კლუბის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულია მრავალი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნები და ბროშურები, სარეკლამო ბუკლეტები. გამოცემულ მონოგრაფიათა შორის აღსანიშნავია: საყმაწვილო ენციკლოპედია - „საქართველოს ბუნებრივი საოცრებები“ (2008), ,,საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (2009) ,,წყალტუბოს მღვიმური სისტემა’’ (2009), ,,ზემო იმერეთი და მიმდებარე რაიონების კარსტი’’ (2015), „ახალი ათონის მღვიმე, ბუნების იშვიათი ძეგლი“ (2016), ,,წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემა’’ (2016), „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები’’ (2016) და სხვ. გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ ნარკვევებსა და სამეცნიერო ნაშრომებში საუბარია საქართველოს უნიკალური მღვიმური სისტემების მნიშვნელობის შესახებ, რომლის მიზანს შეადგენს რესპუბლიკის ფართო მასებისათვის გაეცნო ამ დარგში ჩატარებული სამუშაოების კვლევის შედეგები, აღეძრა ინტერესი კარსტული მღვიმეებისადმი.
არიან მრავალი საერთაშორისო (აშშ, ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, სლოვენია, უკრაინა, რუსეთი და ა.შ.). სპელეოლოგიური კონგრესისა და კონფერენციის მონაწილენი.
კლუბის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ახალგაზრდა სპელეოლოგებთან ერთად განხორციელებულია არაერთი ადგილობრივი და უცხოეთის საგრანტო პროექტი. კერძოდ, ,,ქალაქ ჭიათურისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგებაში ჩართული კარსტული წყაროების ამღვრევა-გაბინძურების მიზეზების დადგენა და მათგან დაცვის რეკომენდაციების შემუშავება ‘’(დამფინანსებელი - საწარმოო გაერთიანება „ჭიათურმანგანეცი“ და საჩხერის ბამბის სართავი ფაბრიკა, 1988-1990); ,, წყალტუბოს (ყუმისთავის) უნიკალური მღვიმური სისტემისა და მიმდებარე სპელეოობიექტების კვლევა და მათი სამეურნეო გამოყენების პერსპექტივები’’ (დამფინანსებელი - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2006-2009); ,,საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები’’ (დამფინანსებელი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2014-2017); ,,ჭიათურის დაბინძურებული სასმელი წყლების მორიტორინგი’’ (დამფინანსებელი - საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სლოვაკეთის სააგენტო, 2016-2017).
„საქართველოს სპელეოლოგთა კლუბი“ მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდობის დაინტერესებას და მათ ფართოდ ჩართვას ბუნების ამ უნიკალური ძეგლების (მღვიმეების) კვლევასა და პოპულარიზაციაში.