13/03/2025
✅ სოციალური მეწარმეობის ინოვაციური ინკუბატორის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხონში, კასპსა და ზუგდიდში გაიმართა, მონაწილეებმა ივნისიდან მარტის ჩათვლით გაიარეს ინტენსიური ტრენინგები და ვორქშოპები, რომლებიც საზოგადოებისათვის სასარგებლო ინიციატივების განვითარებას ეძღვნებოდა.
✨ პროექტის მსვლელობისას ახალგაზრდებმა შეისწავლეს, როგორ ამოეცნოთ და გაეანალიზებინათ ადგილობრივი გამოწვევები, ასევე, როგორ მოეძიებინათ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მონაწილეები ჯგუფებად დაყოფილნი მუშაობდნენ საკუთარ სოციალურ საწარმოთა იდეებზე, რომლებიც საბოლოო ეტაპზე, თბილისში გამართულ დემო დღეზე წარადგინეს.
✨ დემო დღე პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, სადაც მონაწილეებმა თავიანთი იდეები ფართო აუდიტორიის, ექსპერტებისა და პოტენციური მხარდამჭერების წინაშე წარადგინეს. პრეზენტაციები წარმატებით გაიმართა, ხოლო გუნდებმა არა მხოლოდ საკუთარი პროექტების უნიკალურობა და გავლენა წარმოაჩინეს, არამედ მიიღეს პრაქტიკული რჩევები და უკუკავშირი სფეროს პროფესიონალებისგან.
🎈 სამივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი იყო 10 გუნდი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 3 პროექტი და ჟიურიმ ბევრი მსჯელობის შემდეგ გამოავლინა ეს გუნდები:
✅ ბიონოვა - სოციალური საწარმო, რომელიც ქმნის და აწარმოებს მოწყობილობებს, რომლებიც ორგანულ ნარჩენებს გარდაქმნის ბიოგაზად და ბიოსასუქად. პროდუქტი მეტად მნიშვნელოვანი იქნება სასოფლო სამეურნეო დარგში.
✅ Green Impact - სოციალური საწარმო ქმნის ორგანულ სასუქს, რომელიც არის მიღებული ორგანული ნარჩენებისგან, პროდუქტი არის ბუნებრივი, ეკო-მეგობრული და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.
✅ Experiment show - სოციალური საწარმო, რომელიც ახალგაზრდებში ზრდის მეცნიერებისადმი ინტერესს და ადგილობრივ მოსწავლეებს სთავაზობს პრაქტიკულ აქტივობებს, რომელიც სახალისო ექსპერიმენტების საშუალებით ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას.
☀️ პროექტი “SEEDS - სოციალური მეწარმეობისა და განვითარებაზე დაფუძნებული უნარების გაძლიერება საქართველოსა და უკრაინაში" ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ, ტალინის უნივერსიტეტთან (TLU), ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან (YIC), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), საექსპერტო მხარდაჭერისა და ადვოკატირების ცენტრთან (CESA) და ასოციაცია „ათინათთან“ მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსა და უკრაინაში.