09/02/2026
🦻 რა მხარდაჭერის მიღებაა შესაძლებელი სმენის დაქვეითების შემთხვევაში?
👇გადადით World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში გვერდზე და გაეცანით ინფორმაციას
🦻 რა მხარდაჭერის მიღებაა შესაძლებელი სმენის დაქვეითების შემთხვევაში?
👉 სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს სხვადასხვა დამხმარე და სამედიცინო საშუალების გამოყენება შეუძლიათ. სმენის დამხმარე ტექნოლოგიებში მოიაზრება სმენის აპარატები და კოხლეარული იმპლანტები, სარეაბილიტაციო თერაპია ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის.
👉 საქართველოში, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულია ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია განურჩევლად ასაკისა; ასევე, ერთი სმენის აპარატი ზრდასრულებისთვის და ორი სმენის აპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კოხლეარული იმპლანტის შემთხვევაში, მომსახურებაში სარეაბილიტაციო კურსიც შედის.
👉 სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სმენის დაქვეითების მქონე შშმ პირები (მათ შორის შშმ ბავშვები) და ხანდაზმული პირები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), რომელთაც აღენიშნებათ ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან საშუალო-მძიმე სმენის დაქვეითება (ე.წ. II-III ხარისხი).
👉 ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუის ან უმძიმესი (ე.წ. მე-4 ხარისხი) სმენის დაქვეითების მქონე შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) გაცემაც.
👉 გარდა ამისა, ყრუ პირებისთვის გათვალისწინებულია ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებაც, რაც მოიცავს ჟესტური ენის თარჯიმნის მეშვეობით ინფორმირებას სახელმწიფო მომსახურებების შესახებ, ხოლო გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში - საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო (სკოლა, პროფესიული, უმაღლესი), სკოლამდელი აღზრდის, სამედიცინო და რელიგიურ დაწესებულებებში მომსახურების მისაღებად საჭირო კომუნიკაციის ხელშეწყობას.
👉 კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. კოხლეარული იმპლანტაცია გეგმიური ოპერაციაა და თანაგადახდა პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფისთვის ხდება განსხვავებულად.
📑 სად შეიძლება განაცხადის წარდგენა სმენასთან დაკავშირებული დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნის შესახებ?
👉 სმენის დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნის შესახებ განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ორგანოებში:
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
მისამართი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 9 (პირველი სართული).
2. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
🗞️ რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნისთვის?
👉 სმენის დამხმარე საშუალებების მიღება გამარტივებულია 5 წლამდე ბავშვებისა და 65 წელს მიღწეული პირებისთვის. ამ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
5 წლამდე ბავშვებისთვის:
1. დაბადების მოწმობის ასლი.
2. მშობლის / მეურვის პირადობის მოწმობა და მისი ასლი.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
👉 65 წელს მიღწეულ პირთა შემთხვევაში:
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებულია შესაბამისი დიაგნოზი (ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენის დაქვეითების II-III ხარისხის).
👉 5-დან 65 წლამდე პირებისთვის:
1. პირადობის მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
2. შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის დოკუმენტის ასლი (ფორმა №IV-50/4) ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი, სადაც მითითებულია შესაბამისი დიაგნოზი (ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენის დაქვეითების II-III ხარისხის);
📞 სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მიღება?
👉 სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის არსებული დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ნომრებზე: 032 2348379; 591 600688
გარდა ამისა, იხილეთ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა,“ დანართი 1.2.4.
***
❓იცოდით❓
🔹 მსოფლიოში 1.5 მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს სმენის დაქვეითება. 430 მილიონს ესაჭიროება დამხმარე საშუალებების გამოყენება და შესაბამისი რეაბილიტაცია.
🔹 მილიარდზე მეტი ახალგაზრდა დგას სმენის მუდმივი დაქვეითების საშიშროების წინაშე, ხმაურთან ხანგრძლივი შეხების გამო.
🔹 საქართველოში, მოსახლეობის 6.5–8.1 პროცენტს აქვს სმენის დაქვეითების რაიმე ფორმა.
🔹 ბავშვობის ასაკში სმენის დაქვეითების შემთხვევების 60%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია დროული მოქმედებით.