21/03/2026
საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ უდიდეს მწუხარებას გამოხატავს ეპოქალური ფიგურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის, გარდაცვალების გამო.
განუზომელია პატრიარქის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი ერის ხელახლა გაქრისტიანების, აზროვნებაში მისი მონათვლის, რწმენის განმტკიცების საქმეში. ამიტომ შეგვიძლია იგი შევადაროთ წმ. ნინოსა და ანდრია პირველწოდებულს. ბოლო 50 წელი აღსავსე იყო გამოწვევებით. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოველივე დაძლია და უდიდესი როლი შეასრულა ქართული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებაში.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი მამამთავრული მსახურება, როგორც შემოქმედისა, კაცთმოყვარე, მიმტევებელი, შემწყნარებელი, ერთგული, მტკიცე ხასიათის, შუპოვარი პიროვნებისა, მანათობელი ვარსკვლავივით მიუძღვოდა წინ ჩვენს ქვეყანას, ერს და რწმენის, სიმართლის საიმედო საყრდენს წარმოადგენდა.
მშვიდობის დამკვიდრება და შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტრტი იყო ილია II-ის მოღვაწეობისა. ამიტომ ჩვენი ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საქმიანობას იგი ყოველთვის კეთილგონივრულად ადევნებდა თვალს.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II შეხვედრებისას უხვსიტყვაობით არ გამოიჩეოდა, მაგრამ მოკლედ, სხარტად, ორი სიტყვით, ზუსტად გამოხატავდა სათქმელს, იმედს გვინერგავდა და ამით გვაცოცხლებდა. ამონარიდი მისი ქადაგებიდან: „მზიანი ღამე გვაქვს საქართველოში, იგი გრძელდება, მაგრამ აუცილებლად გათენდება“.
მადლობა ილია II-ს, ჩვენზე ფიქრებში გატარებული თითოეული დღისთვის, მადლობა ქვეყნის ღირსების დაცვისთვის, მადლობა ენის, მამულის, სარწმუნოების განმტკიცებისთვის.
მომავალში, როდესაც ფიზიკურად მასთან შეხვედრა აღარ გვექნება, უფრო მეტად ვიგრძნობთ უიმისობას. მაგრამ ერის გამოფხიზლება უწმიდესისა და უნეტარესის მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში და საზოგადოების გამთლიანებაში უნდა გამოიხატოს.
გვჯერა და გვეიმედება, რომ მასში მოქმედი ძალა ღვთისა, ჩვენზე გადმოსული, გაგვაძლიერებს. ვანუგეშოთ ჩვენი საზოგადოება, რომ პატრიარქის მადლი კვლავ დაუბრუნდება საქართველოს.
ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს და წმინდა, საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდროს მართალთა სავანეში.