02/06/2026
📢🎬🎞️🎥🇬🇪🐈🧚😻🥰პარასკევს, 5 ივნისს, 19:30 სთ-ზე, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში შედგება, რეჟისორის და ანიმატორის, ხათუნა ტატუაშვილის ახალი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის - „ოჰ! დედა, დედა...“ ოფიციალური პრემიერა.
2025 წელს დასრულებულმა ნამუშევარმა, უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ქართველი მაყურებლის წინაშე საფესტივალო ჯილდოების სტატუსით წარდგება, რაც ფილმის სადისტრიბუციო გზისთვის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ქმნის. ფილმი „ოჰ! დედა, დედა...“ არის ემოციური და ვიზუალურად შთამბეჭდავი ნამუშევარი, რომელიც ტრადიციული 2D ანიმაციისა, ე.წ. cut-out ის მიქსია.
ფილმის შესახებ: ფილმის მთავარი გმირი პროფესიით პედაგოგია, რომლის გადამეტებული, დამცველობითი სიყვარული თავისი ფისოს მიმართ ყოველდღიურ ყოფაში მახრჩობელა ფორმებს იღებს. იმ მიზნით, რომ ფისო სამყაროს საფრთხეებისგან დაიცვას, ქალს ის სახლში ჰყავს გამოკეტილი, სრული დაცვისთვის სპეციალურ ლითონის აბჯარს აცმევს და ყველა გადაწყვეტილება მის ნაცვლად იღებს. თუმცა, უსაფრთხოების ეს ილუზია და სრული კონტროლის სურვილი აზიანებს როგორც ცხოველის ბუნებრივ საწყისებს, ისე თავად მათ ურთიერთობას. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ყოფითი დეტალები ღრმა ფსიქოლოგიურ ალეგორიად იქცევა. ფილმის კულმინაციური გარდატეხა მთავარ გმირს აიძულებს, სრულიად სხვა თვალით შეხედოს საკუთარ ცხოვრებას და დაინახოს, თუ საიდან იღებს სათავეს ეს დამანგრეველი ქცევა.
პრემიერა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის ახალი საავტორო ანიმაციის გაცნობას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელი პლატფორმის შექმნას.
პროგრამა: ფილმის წარდგენა, ფილმის ჩვენება და მოკლე კითხვა-პასუხის სესია რეჟისორთან და შემოქმედებითი გუნდის სხვა წევრებთან.
ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კინოკრიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს ჩვენებაზე დასასწრებად და დამატებითი მასალების (კადრები ფილმიდან, პოსტერი) მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ საორგანიზაციო გუნდს.
რეჟისორის შესახებ:
ხათუნა ტატუაშვილი არის პროდიუსერი, რეჟისორი და ანიმატორი 35 წლიანი გამოცდილებით. ის ასევე არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორი. მას წლების განმავლობაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ქართული საავტორო ანიმაციის განვითარებასა და ახალი თაობის ხელოვანთა აღზრდაში.
ჯილდოები და პრიზები:
ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ANIMAFILM 2025 -ზე ფილმი დაჯილდოვდა ორი პრიზით
1. მაყურებლის რჩეული - (People's Choice Award)
2. ჟიურის სპეციალური პრიზი - (Special Mention)
მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2. კინოს სახლი.