03/12/2024
„საქართველოს განვითარების პლატფორმის“ (GeoDP) მიერ, Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia (FES) თანამშრომლობით, 29 ნოემბერს გაიმართა სადისკუსიო შეხვედრა „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ძირითადი მოდელები: #საყოველთაო სახელმწიფო პროგრამა და ჯანმრთელობის კერძო სამედიცინო #დაზღვევა“. სადისკუსიო მასალები დაეფუძნა, როგორც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ჩატარებულ გამოკითხვას, ასევე, ფოკუს-ჯგუფების შედეგებს, რომელიც ჯანდაცვის განსხვავებული მოდელების ბენეფიციართა შორის ჩატარდა.
მასალები პრეზენტაციის სახით მოწვეულ საზოგადოებას „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ (GeoDP) თავმჯდომარემ, თენგიზ შერგელაშვილმა და პროექტის ექსპერტმა, გია ხეჩინაშვილმა წარუდგინეს. კვლევაში ყურადღება გამახვილდა, რამდენად პასუხობს დღევანდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საყოველთაობის პრინციპს და რა შესაძლებლობები აქვს კერძო სადაზღვევო სისტემას.
თენგიზ შერგელაშვილი: „საქართველოში რეალურად არის ორი მოდელი - დაახლოებით 750 000 ადამიანი არის დაზღვეული კერძო #სადაზღვევო კომპანიებში, დაახლოებით 3 მლნ ადამიანი კი პირობითად ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ 750 ათასიდან ნახევარზე მეტი საჯარო უწყებებთან და საბიუჯეტო სექტორთან დაკავშირებული ადამიანია. ანუ ვიღებთ რეალობას, რომ სახელმწიფო, ზოგისთვის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსების და ზოგისთვის კორპორატიული დაზღვევების დაორგანიზების გზით, ჯარის, შსს-ს, სამინისტროების, სსიპ-ების, აიპების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის უპირატესობას კერძო დაზღვევას ანიჭებს, დანარჩენ მოსახლეობას კი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას სთავაზობს. საჭიროა დისკუსია ამ უცნაურობაზე. ეს თემა ხშირად ტაბუდადებულია და უპირატეს შემთხვევაში, მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის პრობლემების „შეკეთებაზეა“ დისკუსია. ჩვენი შეხვედრის მიზანია, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად ჩამოვყალიბდეთ, საჭიროა თუ არა გაიხსნას დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ჯანდაცვის საბაზო მმართველობით-ფინანსური მოდელი. უნდა შევინარჩუნოთ არსებული მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში, თუ ამ ორი მოდელის რაიმე ფორმით ინტეგრაცია მოგვცემს ჯანდაცვის უკეთეს მოდელს“.
ჩატარებული კვლევა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია #საყოველთაო #ჯანდაცვისა და კერძო #სადაზღვევო მოდელების ეფექტიანი კომბინაცია. ამასთან, საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სოციალურ სამართლიანობას, ისე სისტემის ფინანსურ მდგრადობას. სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპს და ორიენტირებული იყოს პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
კვლევამ გამოავლინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი გამოწვევები: გეოგრაფიული და ეკონომიკური უთანასწორობა სერვისებზე წვდომაში; მედიკამენტების მაღალი ფასები და ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის; საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის „ინფორმაციული ასიმეტრიულობის“ გავლენა პაციენტსა და პროვაიდერს შორის ურთიერთობაზე და ბიუჯეტის მართვის გამოწვევები; პროვაიდერების მხრიდან არასათანადო სამედიცინო მომსახურების „გაბერვა“ და ბიუჯეტიდან ხარჯების ხელოვნური ზრდის რისკები და მართვის მექანიზმები; არასათანადო კონტროლი და რეგულაციების ნაკლებობა და საზედამხედველო ინსტრუმენტების სიმწირე და შესაბამისად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაღალხარჯიანობა; „ჯიბიდან გადახდის“ მაღალი მაჩვენებელი და მედიკამენტების მაღალ ფასებზე დაფუძნებული ხარჯები და თვითმკურნალობის მავნე პრაქტიკის კვლავ დიდი როლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის სისუსტეები და ა.შ.
რაც შეეხება კერძო სადაზღვევო მოდელს, რომელიც ამჟამად დაახლოებით 750 000 ადამიანს მოიცავს, მისი უპირატესობებია მომხმარებლისთვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და სერვისების პერსონალიზაცია. კერძო სადაზღვევო კომპანიების კონტრაქტები ხელს უწყობს ხარჯთეფექტურობას და სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას კონკურენციის პირობებში. თუმცა, მოდელის სუსტ მხარეებად რჩება: გარკვეული სერვისების შეზღუდვა; ზედმეტი კომერციალიზაცია და ადმინისტრაციული ხარჯების სიმძიმე; სამართლებრივი და რეგულაციური ჩარჩოს სისუსტე ხელს უშლის მოდელის სრულყოფას და ა.შ.
კვლევაში მონაწილეთა მხრიდანაც დაფიქსირებული მოსაზრებების თანახმად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული ორი მოდელის სინერგიის შედეგად ჩამოყალიბდეს ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალური საბაზისო პაკეტის არსებობას და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისათვის, მიუხედავად მათი შემოსავლების მოცულობისა. სწორედ ამ საბაზისო მოდელზე უნდა მოხდეს სადაზღვევო მოდელის დაშენება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხარჯების ეფექტიანი მართვა და სერვისის მაღალი ხარისხი.
#ჯანდაცვა #დაზღვევა