06/08/2026
პროფესიული მხარდაჭერა და სამომავლო გეგმები: ლანჩხუთის პროფკავშირის საანგარიშო კონფერენცია
2026 წლის 6 ივლისს სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონულმა ორგანიზაციამ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას უმასპინძლა.
40 წელი მასწავლებელთა და აღმზრდელთა სადარაჯოზე
ოთხი ათეული წლის განმავლობაში პროფკავშირული ორგანიზაციის გაძღოლა მხოლოდ გამოცდილებას არ ნიშნავს — ეს არის უნარი, ფეხი აუწყო დროს, ახალ გამოწვევებსა და თანამედროვე მოთხოვნებს. ლელა ქურიძის მრავალწლიანი ღვაწლი ლანჩხუთის სპმთპ-ის პროფკავშირში სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, ჯილდოთი აღნიშნა — „პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის“.
როგორც თავად ლელა ქურიძე აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ნოვატორული ხედვის შენარჩუნება, პროფწევრებისთვის პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი ლიდერობა:
„აგერ უკვე ოთხი ათეული წელია სათავეში ვუდგავარ სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონულ ორგანიზაციას. ვცდილობ, თამამად ავუწყო ნაბიჯი დროებას, ახალ მოთხოვნებს და შევინარჩუნო საგნებისა და მოვლენების ნოვატორული ხედვა... მინდა დაინახონ პასუხისმგებლობით სავსე და ყურადღებიანი ლიდერი, ენდობოდნენ და სჯეროდეთ ჩემი.“ — ლელა ქურიძე.
კონფერენციას თავმჯდომარეობდა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა წილოსანი. ღონისძიებას 71 არჩეული დელეგატი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი და ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე როზა გოგუაძე, აგრეთვე ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.
2022–2026 წლების საანგარიშო პერიოდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლელაქურიძის ხელმძღვანელობით მოქმედი რაიონული ორგანიზაციის ქმედითობა. მისი უშუალო ძალისხმევითა და ორგანიზებით განხორციელდა:
• ასობით ლანჩხუთელმა პედაგოგმა და ბაღის აღმზრდელმა გაიარა მაღალი დონის ონლაინ თუ პირისპირ ტრენინგი, რამაც მათ საშუალება მისცა წარმატებით ჩაებარებინათ საგნობრივი/პროფესიული გამოცდები, აემაღლებინათ სტატუსი და მიეღოთ პროფესიული მხარდაჭერა.
• აქტიური ფასილიტაციითა და ესეგ-ის ექსპერტის, სპმთპ-ის „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარის, როლანდ ხოჯანაშვილის მხარდაჭერით, ლანჩხუთის N1, N3, ღრმაღელის, აკეთის, შუხუთისა და ჩიბათის სკოლებმა მოიპოვეს ავტორიზაცია.
• ასევე, სპმთპ-ის „საგანმანათლებლო ცენტრის“ ტრენინგ-მოდულების დამსახურებით, სკოლამდელმა დაწესებულებებმა წარმატებით გაიარეს ავტორიზაციის რთული პროცესი.
• ბოლო 10 წლის განმავლობაში მრავალმა ლანჩხუთელმა პედაგოგმა ისარგებლა სხვადასხვა მიმართულებით, რისთვისაც ორგანიზაციამ მადლიერება გამოხატა „საგანმანათლებლო ცენტრის“ დირექტორის, მარიამ მკალავიშვილის მიმართ.
პროფესიული კონფერენციები: ლანჩხუთმა უმასპინძლა რეგიონულ და ადგილობრივ კონფერენციებს, სადაც პედაგოგებს გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების მონაწილეობა; რაიონულ დონეზე, საქართველოს რეალობაში პირველად, გაიმართა პროფესიული კონფერენცია — „ჩემი პრაქტიკის გაზიარება“.
ლელა ქურიძის ინიციატივით, ტრადიციად იქცა ღვაწლმოსილი ვეტერანი პედაგოგების მოინახულება, საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, ბაღებისთვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევა და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება.
ანგარიშში წარმოჩენილი იყო სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის ძალისხმევით მიღწეული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყო დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ინტერესების დაცვა.
ამასთანავე, ხაზი გაესვა სექტორში არსებულ გამოწვევებს:
1. ანაზღაურება: გამოითქვა იმედი, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურების უკეთესი პირობები მიიღწევა.
2. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი: მიუხედავად ყოველწლიური 10-20%-იანი მატებისა, მათი ხელფასი კვლავ დაბალია და არ შეესაბამება არსებულ სოციალურ ფონს.
3. საბავშვო ბაღის თანამშრომლები: გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ანაზღაურება კვლავ დაბალია და არ აქვთ სადაზღვევო პაკეტი, რაც სერიოზულ პრობლემად რჩება.
კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით წარდგა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელმაც დელეგატებთან ერთად იმსჯელა მიმდინარე პროცესებსა და სპმთპ-ის სტრატეგიბზე.
დისკუსიაზე დელეგატებმა ისაუბრეს როგორც მიღწევებზე, ისე კონკრეტულ საჭიროებებზე:
• საბავშვო ბაღების მხარდაჭერა და შტატების დამატება: აღმზრდელების დაფასების გაზრდა და საბავშვო ბაღებში სპეცმასწავლებლის ასისტენტის შტატის დამატება.
• ტექნიკური პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესება: სკოლის უსაფრთხოებასა და წესრიგში მათი როლის მეტად გამოკვეთა, ხელფასების მატება, შტატების გაზრდა და სამუშაო დატვირთვის თანაბარი გადანაწილება.
დელეგატებმა მადლიერებით აღნიშნეს სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის, მიერ ეროვნულ დონეზე გაწეული საქმიანობა. ასევე, დადებითად შეფასდა ადგილობრივ დონეზე წარმოდგენილი ანგარიში, პროფკავშირის მუშაობა და მხარდაჭერა. კერძოდ, ხაზი გაესვა გაწეულ შრომას, ყურადღებასა და გაწეულ დახმარებას და გამოითქვა შემდგომი ეფექტური თანამშრომლობის იმედი.
დღის წესრიგის შესაბამისად ჩატარებულ ღია კენჭისყრაზე დელეგატებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს:
• სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხელახლა არჩეულ იქნა ლელა ქურიძე.
• მოადგილედ — ლელა გობრონიძე.
• დამტკიცდა რაიონული საბჭოს 43-წევრიანი შემადგენლობა.
• არჩეულ იქნა ყრილობის 6 დელეგატი (2 სათადარიგო) და საკონტროლო-სარევიზიო კომისია.
ღონისძიების დასასრულს, მომავალი თაობის აღზრდასა და პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეული პედაგოგები და პროფწევრები დაჯილდოვდნენ. ლელა ქურიძე