21/02/2026
ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 105 წლისთავთან დაკავშირებით
2026 წლის 21 თებერვალს სრულდება 105 წელი ჩვენი ქვეყნისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი თარიღიდან, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღიდან. ისტორიული აქტიდან, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული, სამართლებრივი და ევროპული განვითარების გზა.
ჩვენი თაობა ამაყია 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული, იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუციით. აქტით, რომელიც ადასტურებს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, პლურალიზმისა და მოქალაქეთა თანასწორობისაკენ ურყევ მისწრაფებას-ღირებულებებს, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს.
ამ კონსტიტუციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ისტორიული გარემოებები, რომლებშიც იგი იქნა მიღებული. დოკუმენტი დამტკიცდა საბჭოთა რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, მაშინ როდესაც თბილისთან ახლოს უკვე ისმოდა ქვემეხების ხმა. ეს იყო ისტორიული თავგანწირვის მომენტი, დრო, როდესაც ქართული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, ასეთ მძიმე წუთებშიც მოხერხდა ქართველი ხალხის ნებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლის დაფიქსირება.
ეს იყო გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოა-თავისუფლებაზე, სამართალსა და ადამიანის ღირსებაზე, და ეს არჩევანი უალტერნატივოა ყველაზე მძიმე და კრიტიკულ დროსაც.
დღეს, 105 წლის შემდეგ, ჩვენ, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ სწორედ ეს სულისკვეთება გვაერთიანებს. ცოტა ხნის წინ ჩვენს მიერ მიღებული „ახალგაზრდობის თანხმობის აქტი“ მტკიცედ იზიარებს 1921 წლის კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს და გამოხატავს ჩვენი თაობის პასუხისმგებლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ.
გვჯერა, რომ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. არამედ, ის ძლიერი შეხსენებაა, რომ სახელმწიფო იქმნება იდეებით, პრინციპებითა და სიმტკიცით. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ეს მემკვიდრეობა და განვამტკიცოთ საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო.
დღეს პატივს მივაგებთ იმ თაობას, რომელმაც ურთულეს ვითარებაში შეძლო სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დამკვიდრება, და ვაცხადებთ მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე დაყრდნობით განვაგრძოთ ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება და პროგრესისაკენ უწყვეტი სწრაფვა.
🖊️განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები:
🔘საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო;
🔘საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი;
🔘საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია;
🔘პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“;
🔘ევროპული ახალგაზრდული ცენტრი;
🔘კლიმატ-ჰაბი;
🔘ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი;
🔘მწვანე იმპულსი;
🔘საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია;
🔘ახალგაზრდები დემოკრატიისთვის;
🔘AEGEE-თბილისი;
🔘პანკისის მომავლის ფონდი;
🔘ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის;
🔘სამეცნიერო მისია;
🔘საქართველოს ახალგაზრდული სივრცე;
🔘საქართველოს თანასწორობის ასოციაცია;
🔘ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა კავშირი.
#თანხმობითევროპისკენ