31/08/2026
შეგახსენებთ!!!
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების სახელით შეტანილ წერილზე სამინისტროდან დღემდე რეაგირება არ არის.
გთავაზობთ წერილის შინაარსს:
“მოგმართავთ ფსიქიატრთა საზოგადოების სახელით 2026 წლის 24 მარტის №9/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების გადახედვის თხოვნით .
აღნიშნული რეგულაციით დადგენილი ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვები (მათ შორის 14-დღიანი დოზირების პრინციპი და რეცეპტის განახლების პირობები) მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში მოდის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების კლინიკურ და ორგანიზაციულ სპეციფიკასთან, რაც უარყოფითად აისახება როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის მდგომარეობაზე .
მიგვაჩნია, რომ შემდეგი ცვლილებები:
• არ შეესაბამება ამბულატორიული და სათემო სერვისების მოდელს, სადაც ვიზიტების სიხშირე განისაზღვრება პაციენტის კლინიკური საჭიროებით და არა ადმინისტრაციული შეზღუდვებით; აღნიშნული შეზღუდვები კი იწვევს სერვისებთან კონტაქტის რაოდენობის არარაციონალურ მართვას და ზრდის პაციენტის გადაყვანის რისკს უფრო მაღალი ინტენსივობის სერვისებში
• ქმნის დამატებით ფინანსურ ტვირთს პაციენტებისთვის, მათ შორის კერძო სექტორში მომსახურების მიღების შემთხვევაშიც, რადგან არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვევო სისტემების ვალდებულებები არ მოიცავს ფსიქიკური აშლილობების სრულ დიაგნოსტიკურ სპექტრს
• ზრდის ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვისა და სპეციალისტთა პროფესიული გადაწვის რისკს;
• ასევე წარმოშობს ფარმაცევტულ პრაქტიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს, როგორიცაა, მაგალითად, მედიკამენტების შეფუთვის მთლიანობის დარღვევისა და მოქმედი რეგულაციებისა და სტანდარტების (GMP/GDP) შეუსაბამობის კუთხით .
მიგვაჩნია, რომ არსებული ცვლილებები არ უზრუნველყოფს ბალანსს კონტროლის მექანიზმებსა და მკურნალობის უწყვეტობას შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ ბრძანებაში ასახული ცვლილებების გადახედვა და მოდიფიცირება.
ფსიქიატრთა საზოგადოება გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს სამუშაო ფორმატში სამინისტროსთან თანამშრომლობით, რათა ერთობლივად შემუშავდეს პაციენტზე ორიენტირებული, კლინიკურად დასაბუთებული და სისტემურად ეფექტიანი რეგულაცია.”
fans@
ეპილეფსია, კრუნჩხვები, ფსიქიკური პრობლემები, ძლიერი ტკივილები, ინსულტი - უკვე მეხუთე თვეა, ფსიქოტროპული მედიკამე...