23/03/2026
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორია იზიარებს უდიდეს საერთო სახალხო მწუხარებას უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის გარდაცვალების გამო.
ძნელია იპოვო სიტყვები მისი მრავალმხრივი სასულიერო თუ საერო ღვაწლის აღსაწერად. უსაზღვრო იყო მისი სიყვარული და მიმტევებლობა ადამიანის მიმართ და ამას თავისი ცხოვრებით გვასწავლიდა.
უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა გააცოცხლა ქართული ეკლესია და ქართველ საერო მოღვაწეებსაც გაუღო მისი კარები მაშინ, როცა საბჭოთა ეპოქაში აკრძალული იყო არა მარტო თანამშრომლობა ეკლესიასთან, არამედ უბრალოდ ეკლესიაში შესვლა. . .
1978 წელს, იმისათვის, რომ სიონში მჟღერი რუსულ-ქართულ-ოპერული „საგალობლები“ ჩაენაცვლებინა, ახლადარჩეულმა პატრიარქმა ქართველი კომპოზიტორები მოიწვია და შესთავაზა დაეწერათ მგალობლებისათვის ქართული საგალობლები.
მაშინ არა თუ უბრალო ადამიანებისთვის, ჯერ კიდევ ეკლესიისთვის, მიუწვდომელი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში დაცული ჩვენი დიდი წაინაპრების მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს მგალობლებისაგან ჩაწერილი და ნოტებზე გადაღებული უძველესი ქართული საგალობლები.
ამ შეთავაზებას მხოლოდ კომპოზიტორი იოსებ კეჭაყმაძე დათანხმდა. მას უკვე შექმნილი ჰქონდა თავისი ნოვატორული საგუნდო ნაწარმოებები და, ამასთან, კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - მუსიკალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, რომლის მოვალეობას ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესყიდვა და ე.ი. მათ იდეოლოგიურ შინაარსზე პასუხისმგებლობა ევალებოდა. იმხანად ეს ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.
კეჭაყმაძემ, ამ დროისთვის ურთულესი თანამედროვე საგუნდო ნაწარმოებების ავტორმა, იცოდა, რომ გენიალური ქართველი ჰიმნოგრაფების შექმნილი და მგალობელთა მრავალსაუკუნოვანი გენიით გამდიდრებულ-გამშვენებული საგალობლების ტოლფასს იგი ვერ შექმნიდა. ამიტომ მისი სადა, სამხმიანი სამგალობლო ტრადიციიდან ამოზრდილი საგალობლები პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სიონის ტაძარში ჟღერდა, სანამ ქართულ ეკლესიაში ძველი ხელნაწერებიდან აღდგენილი საგალობლები დაბრუნდებოდა.
განსაკუთრებული იყო საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ღვაწლი ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერის წინაშე. როგორც ცნობილია, ეკლესია საერო სიმღერას მაღალი სულიერების მატარებლად არ მიიჩნევდა. პატრიარქმა კარგად იცოდა ქართული კულტურის ამ უნიკალური ფენომენის ფასი - 1988 წელს მან მალხაზ ერქვანიძის მიერ კონსერვატორიის სტუდენტებისგან შეკრებილ გუნდს მოუსმინა და დაავალა მათ დაეწყოთ ძველი საგალობლების აღდგენა ანჩისხატის ეკლესიაში. სწორედ აქედან აღორძინდა ფილიმონ ქორიძისა და ვასილ კარბელაშვილის ხელნაწერებით ქართული გალობის - ძველი ქართული პროფესიული მუსიკა მთელ საქართველოში. ამ გუნდმა შეძლო აღედგინა ასევე, მგალობელ-მომღერლის ძველი ცნება, რადგან იგი ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც მრავალხმიან სასულიერო საგალობელს, ისე ხალხურ სიმღერას. აქედან მოყოლებული ხალხურმა მუსიკამ საპატიო ადგილი დაიჭირა საპატრიარქოს ცხოვრებაში - 2000 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შექმნა ხალხური სიმღერის გუნდი „ბასიანი“, რომელიც უკვე კარგადაა ცნობილი არა მარტო საქართველოში და რომელმაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო გუნდთან ერთად 2022 წელს ვატიკანში ქართული გალობა- სიმღერის ისტორიული კონცერტი გამართა.
სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მრავალ ღვაწლთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული მრავალხმიანი სიმღერა-გალობის ტრადიციის ერთიანობის იდეის დამკვიდრებაა და, ვფიქრობთ, ამის აღნიშვნაც აუცილებელია.
—————
რუსუდან წურწუმია - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი, კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და მრჩეველი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსკ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ღირსებისა და თამარ მეფის მედლების მფლობელი.