23/04/2026
11-15 მაისს თბილისი პირველ იბერო-ამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს
11-15 მაისს, საქართველოს პენ ცენტრი გამომცემლობა ინტელექტთან და საქართველოს ისპანისტების საზოგადოებასთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ თბილისის პირველ იბერო-ამერიკული ლიტერატურულ ფესტივალს. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს თანამედროვეობის გამორჩეულ მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს ესპანეთიდან, მექსიკიდან, ვენესუელიდან, კუბიდან და პერუდან.
ფესტივალის მიზანია საქართველო და ესპანურენოვანი სამყარო ახალი ლიტერატურული ხიდებით დააკავშიროს. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა კულტურული სივრცე დინამიკურ პლატფორმად იქცევა ინტერკულტურული დიალოგისთვის.
ლიტერატურული პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
საერთაშორისო ვარსკვლავები: თბილისს ეწვევიან ისეთი ავტორები, როგორებიც არიან დავით ტოსკანა (მექსიკა), ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა), ვალერი მაილსი (აშშ/ესპანეთი) და სხვები.
ახალი თარგმანები: ფესტივალის ფარგლებში შედგება დავით ტოსკანას, ხუან კარლოს მენდეს გედესისა და სარა მესას რომანების ქართული თარგმანების პრეზენტაცია.
კულტურული დიალოგი: გაიმართება დისკუსიები თანამედროვე რომანზე, პოეზიასა და თარგმანის გამოწვევებზე ქართველი და ესპანურენოვანი მწერლების მონაწილეობით.
მულტიდისციპლინური პროგრამა: ლიტერატურულ პანელებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კინოჩვენება და ესპანური კლასიკური თეატრის წარმოდგენები.
ეს ფესტივალი არის შესაძლებლობა, ქართული ლიტერატურა კიდევ უფრო აქტიურად ინტეგრირდეს მსოფლიო პროცესებში, გაჩნდეს თანამედროვე ქართველი ავტორების ესპანურ ენაზე თარგმნის პერსპექტივები, რაც თავის მხრივ, გააძლიერებს თბილისის, როგორც საერთაშორისო ლიტერატურული შეხვედრების რეგიონული ცენტრის პოზიციებს.
ფესტივალის მხარდამჭერია ესპანეთის საკონსულო საქართველოში, ესპანეთის საელჩო თურქეთში, სერვანტესის ინსტიტუტი თურქეთში, მექსიკის საელჩო თურქეთში, აკვალია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) და წინანდლის მამული, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, თეატრალური კომპანია "ჰარაკი" და სასტუმრო "რუმსი".