29/05/2026
📊საქართველოს ენერგომომარაგების თითქმის 80% იმპორტირებულ ენერგორესურსებზე მოდის, რომლის ნახევარზე მეტი ბუნებრივი აირია. შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად სახელმწიფოს მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ დამოკიდებულების შემცირება, თუმცა სახელმწიფო საპირისპიროს აკეთებს.
🤝2017 წელს ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებით ქვეყანამ ენერგოსექტორის ფუნდამენტური რეფორმირების კონკრეტული ვალდებულებები აიღო, მათ შორის გაზის სექტორშიც: გამჭირვალობის უზრუნველყოფა, ბაზრის გახსნა, ქსელის ფუნქციური გამიჯვნა/განცალკევება, გამჭვირვალე ტარიფები. გაწევრიანებიდან რვა წლის შემდეგ კი ვხედავთ, რომ საქართველოს ენერგოგაერთიანების მოთხოვნებთან შესაბამისობის მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ია. გადაცემის სისტემის ოპერატორი სერტიფიცირებული არ არის, ბაზარი კი SOCAR-თან აფილირებული კომპანიების ოლიგოპოლიად ჩამოყალიბდა.
📜2024 წელს დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა ერთდროულად ორ ურთიერთგამომრიცხავ მიზანს ემსახურება: 2050 წლის კლიმატური ნეიტრალურობა და ქვეყნის სრული გაზიფიკაცია. ბუნებრივი აირის სექტორში ფუჭი (Stranded Assets) აქტივების დაგროვების საფრთხეებზე გაკეთებული ენერგოგაერთიანების რეკომენდაციები კი საბოლოო გეგმაში არ აისახა.
❗️50-მდე საპროექტო დოკუმენტის შესწავლამ ერთი საერთო პრობლემა გამოავლინა: ყველა პროექტში გათბობის ფართობი ერთ კომლზე 35 მ²-ზეა გათვლილი. საქართველოს სოფლებში კი, სოფლის სტანდარტული სახლის ფართობი როგორც წესი 60-დან 350 მ²-მდეა. სწორედ ამ ერთ მცდარ რიცხვს ემყარება გაზმომარაგების სისტემის მთელი ჰიდრავლიკური გათვლა. ამას ემატება ნაკერიანი მილების გამოყენება სამშენებლო ნორმების დარღვევით და მთიან რეგიონებში კალორიულობის 12–24%-იანი კლების იგნორირება, რაც მრიცხველების არასწორ ჩვენებაზე აისახება, განსაკუთრებით ზ/დ 100 და მეტი მეტრის სიმაღლეზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. პრობლემის „გამოსავალი" — წნევის ხელოვნური გაზრდა კიდევ უფრო დიდ პრობლემას - ფეთქებად საშიშ გარემოს ქმნის.
‼️იმის გათვალისწინებით რომ ქვეყანას ერთი აბონენტის გაზიფიცირება საშუალოდ 4 000–6 000 ლარი უჯდება, 2013 წლიდან ჩადებული 3–4 მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიცია რეალურად ემსახურება ფუჭი აქტივების შექმნას, რომლის გამოსწორება ბევრად ძვირი დაჯდება, ვიდრე თავიდანვე სწორად დაგეგმილი და შესრულებული პროექტი.
⭕გასათვალისწინებელია, რომ გაზიფიკაცია ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიძლება არის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ქსელი სწორად არის დაგეგმილი და სტრატეგია გააზრებული. დღეს საქართველოს გაზის სექტორი ამ სამი პირობიდან არცერთს არ აკმაყოფილებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაზიფიკაციის გადაწყვეტილება ისე არის მიღებული, რომ ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის სხვა უფრო მისაღები ალტერნატივები (ენერგოეფექტურობა, თბური ტუმბოები ა.შ.) გაანალიზებული არ ყოფილა: მაგალითად უმჯობესი ხომ არ იქნებოდა 4000-6000 ლარის დახარჯვა სხვა უფრო მდგრად ოფციებში.
კვლევა ვრცლად ⤵ https://shorturl.at/2S6Ay .