07/08/2026
7 აგვისტო. 2008
ღამის განმავლობაში ოკუპირებული სოფლებიდან დმენისი, უბიათი და ხეთაგუროვი, ინტენსიური ცეცხლია გახსნილი ლიახვის ხეობის საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიების მიმართულებით.
03:45-ზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიპოვებს სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ადასტურებს რუსეთის სამხედრო ნაწილების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბით უკანონოდ გადმოლახვას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას რუსეთის სამხედრო ძალების - ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის შესახებ და ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც სამხედრო აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.
დილის საათებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოიპოვებს კიდევ ერთ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც საოკუპაციო რეჟიმის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ქართულ სოფლებზე, ავნევსა და დვანზე, დაგეგმილი შეტევის შესახებ საუბრობს.
7 აგვისტოს დაახლოებით 12.00 საათიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან კვლავ განაახლეს ქართული სოფლების ნულის და ავნევის ინტენსიური დაცხრილვა.
საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დე ფაქტო რეჟიმის მეთაური ცხინვალიდან ჯავაში გაემგზავრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად.
ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოფრენილი სამხედრო თვითმფრინავი სოფელ შავშვების ახლოს მდებარე საქართველოს სამხედრო რადარის მიმდებარე ტერიტორიას ბომბავს.
დაახლოებით 14:00 საათზე მსხვილკალიბრიანი არტილერიით იბომბება სოფელ ავნევის სამშვიდობო პოსტი ოკუპირებულ სოფელ ხეთაგუროვოდან. იღუპება ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი, იჭრება 5 ჯარისკაცი, განადგურებულია 1 ჯავშანმანქანა. სოფლის დაბომბვა 16:00 საათამდე გრძელდება.
ასევე იბომბება სოფლები ნული, ქურთა, თამარაშენი, ზემო ფრისი და შავშვები.
რუსული ტანკები სოფელ მეღვრეკისში გამოჩნდნენ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები პოზიციას იცვლიან და უარს აცხადებენ 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ცხინვალში ჩასული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალების სარდალთან ახერხებს შეხვედრას. მოგვიანებით რუსეთის წარმომადგენელი, იური პოპოვი, იაკობაშვილთან საუბარში შეხვედრაზე არგამოცხადების მიზეზად მისი მანქანის დაშვებულ საბურავს ასახელებს.
საქართველოს ხელისუფლება იღებს ახალ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს საზღვრის მახლობლად განთავსებული რუსი სამხედროები იღებენ ბრძანებას, რომ საქართველოს საზღვრისკენ დაძვრისთვის მოემზადონ.
14:30 საათზე მობილიზაციას აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ბარანკევიჩი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოსული შეიარაღებული დაჯგუფებები რეჟიმის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში უერთდებიან. ის საქართველოს „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის“ დაწყებაში ადანაშაულებს.
დაბომბვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებებს, რომლებშიც გმობს თბილისის ”სამხედრო მზადებებს”.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი გასცემს ბრძანებას სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რათა გაუწიოს დახმარება “სამხრეთ ოსეთს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას, სადაც როკის გვირაბის ერთობლივ მონიტორინგს და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას ითხოვს.
მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული სოფლებიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის დაწყების შესახებ. დაბომბვის შედეგად დაშავებულები არიან სოფელ ფრისში.
17 საათზე სამშვიდობო ძალების სარდალი კულახმეტოვი უარს ამბობს შერეული ძალების ცხინვალის შტაბში მომუშავე ქართველი სამხედროებისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე, რის შედეგადაც ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი გასცემს ბრძანებას ქართველი ოფიცრების მიერ ცხინვალის შტაბის დატოვებაზე.
18:40 საათზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში აცხადებს, რომ საქართველომ გადაწყვიტა ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ საოკუპაციო რეჟიმის მეთაური კოკოითის განცხადებას, რომლის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაიყვანს ჯარებს, ის მათგან "ტერიტორიის გაწმენდას” შეუდგება.
ინტენსიური ბრძოლები იწყება სოფელ ავნევის და ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ ხეთაგუროვის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში 7 აგვისტოს მომხდარი ინტენსიური სროლების შედეგად საქართველოს მხრიდან დაახლოებით 10 ადამიანი, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირი, დაიღუპა.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტაბი მხარეებს პირდაპირი მოლაპარაკებების დაუყოვნებლად დაწყებისკენ მოუწოდებს.
7 აგვისტოს 19:10 საათზე გაკეთებულ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს.
შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ მთლიანად აქვთ დაკარგული კონტროლი საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებზე.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, გრძელდება ინტენსიური სროლა ქართული სოფლებისა და საგუშაგოების მიმართულებით.
საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული რამდენიმედღიანი კიბერშეტევის შედეგად რამდენიმე ქართულ სერვერსა და ინტერნეტ კავშირზე გარე კონტროლი დამყარდა.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ხავიერ სოლანამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მხარეებს მოუწოდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რაც აუცილებელია ძალადობის სწრაფად შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენისთვის.
23:00 საათისთვის საქართველოს მთავრობა იღებს ინფორმაციას, რომ როკის გვირაბს კვეთს რუსეთის ჯავშანტექნიკის მოზრდილი კოლონა, რომელიც 100-ზე მეტ ერთეულ ჯავშანტექნიკას ითვლის. საქართველოს მთავრობა უკავშირდება ვაშინგტონს და ატყობინებს, რომ შექმნილ ვითარებაში თავდაცვის ერთადერთი გზა, როკის გვირაბიდან გამომავალი რუსული დაჯგუფების სამხედრო ტექნიკის შეკავებაა.
რუსეთის 58-ე არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის და ლიახვის ხეობის სოფლების უწყვეტი დაბომბვის საპასუხოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ეძლევა სამი ბრძანება: 1. დაიცვან ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება. 2. გაანეიტრალონ საცეცხლე წერტილები, საიდანაც სამოქალაქო მოსახლეობას, ქართველ მშვიდობისმყოფელებს და მოსახლეობას უხსნიან ცეცხლს. 3. შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოძრაობა როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში.
23:50-ზე საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო დანაყოფები ხსნიან ცეცხლს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული ძალების და საოკუპაციო რეჟიმის დაჯგუფებების წინააღმდეგ.