14/04/2026
დღეს ქართული ენის დღეა!
ქართული ენის დღე, რომელიც სიმბოლურად უნდა უსვამდეს ხაზს ენის როლს როგორც უფლებების რეალიზაციისა და თანასწორი მონაწილეობის ინსტრუმენტს, დღეს პარადოქსულ ფონზე აღინიშნება: მოქმედი ე.წ. განათლების რეფორმა სისტემურად აზიანებს სწორედ იმ ჯგუფებს, ვისთვისაც ენობრივი და საგანმანათლებლო მხარდაჭერა კრიტიკულად აუცილებელია.
რეფორმის მიმდინარე ლოგიკა ვერ პასუხობს ვერც პედაგოგიურ და ვერც სოციალურ რეალობას. ქართლი ენის შესწავლის დადასტურებული მოდელების (1+4 პროგრამა) შესუსტება, რესურსების არათანაბარი განაწილება და ადგილობრივი კონტექსტის იგნორირება ფაქტობრივად შლის იმ მინიმალურ ინსტიტუციურ ჩარჩოსაც, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს განათლებაზე წვდომას აძლევდა. შედეგად, სისტემა აღარ ასრულებს კომპენსირების ფუნქციას, ის აწარმოებს სტრუქტურულ გამორიცხვას.
განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ ენობრივი პოლიტიკა ამ რეფორმის ფარგლებში ფუნქციონირებს არა როგორც შესაძლებლობის გამაფართოებელი მექანიზმი, არამედ როგორც ფილტრი, რომელიც სისტემიდან აძევებს მათ, ვინც ვერ აკმაყოფილებს ხელოვნურად დაწესებულ, კონტექსტისგან მოწყვეტილ სტანდარტებს. ეს არ არის ხარისხის ზრდა, ეს არის ხარისხის იმიტაცია, რომელიც რეალურად ფარავს განათლების დეგრადაციას.
ასეთი მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის როგორც ინკლუზიური განათლების ფუნდამენტურ პრინციპებთან, ისე სახელმწიფოს ვალდებულებასთან უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე. როდესაც სისტემა ვერ უზრუნველყოფს არც ეფექტიან ენობრივ ინტეგრაციას და არც საგნობრივ ცოდნას, ის არა მხოლოდ ამცირებს ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ამყარებს სოციალურ უთანასწორობას.
ამგვარ პირობებში, ქართული ენის დღის აღნიშვნა ვერ იქნება მხოლოდ სიმბოლური აქტი. ის უნდა იქცეს კრიტიკული შეფასების წერტილად, იმის დასანახად, თუ როგორ გარდაიქმნა განათლების პოლიტიკა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების ინსტრუმენტიდან ინსტიტუციურ ბარიერად ეთნიკური უმცირესობებისთვის.
გილოცავთ, ქართული ენის დღეს!