11/04/2026
აღდეგ და გამოედ გარეთ!
(სააღდგომო და საგანგებო ინტერვიუ პროფესორ ალიკო ცინცაძესთან)
(ძველი და განახლებული ინტერვიუ)
კორ. _ ქრისტე აღდგა! ბატონო ალიკო, გილოცავთ! გვითხარით, როდის გამოვა თქვენი „კრიპტოგრაფიულ ლექსიკონი“, ან შეიტანებენ თუ არა სკოლებში „იბერიის დაფარული ისტორიის“ სწავლების საგანს და რა ხდება დასავლეთ საქართველოში დაანონსებულ ლექციებით ტურნესთან დაკავშირებით?
ა.ც. _ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა! კრიპტოგრაფიულმა ლექსიკონმა კვლევების უფრო ღრმად დროის მიღმეთში გადაწევა მოითხოვა, ახლა უკვე IX _ VII ათასწლეულებზე ვსაუბრობთ. მიაქციეთ ყურადღება, ეს „გობეკლი თეფეს“ (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) მზის სადგურის აშენების პერიოდია. და ენა, რომელიც ამ ხსოვნას ინახავს ბაბილონის გოდოლის წინარე ენაა. ამ ენის რაობაზე, როგორც კი უცხოელმა დაწერა (მარკ პეიგელი) მედიაში ერთი ამბავი ატყდა, დაავიწყდათ, რამდენიმე წლის წინ აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა იგი უსაფუძვლოდ რომ მიიჩნია...
კრიპტოგრაფიულმა ლექსიკონმა წინა კვლევების ოდნავი კორექტირება მოითხოვა, მაგრამ კარდინალურად არაფერი შეცვლილა... უწინ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, „თვალს ვარიდებდი“, კავკასიის სამხრეთ მთიანეთის პრიორიტეტებს ენისა და ეთნოლოგიის სფეროში. დიდხანს ვფიქრობდი, რომ ამ ფენომენის გაღვიძება არ ღირდა. ლექსიკონმა ის ძალუმად გამოაჩინა და თანმიმდევრულად გადმოწია მის კუთვნილ ადგილზე. ამით ქართველური ენების კვლევისა და ქვეყნის ერთიანობის სრული სურათი შეიკრა.
ლექციებზე ფასის დადება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში მის შეწყვეტას ნიშნავს, და აქეთკენაც მივდივართ. ეს ლონდონში, ინგლისური არისტოკრატიის მექაში, იხდიდნენ დიდ ფულს ცნობილ მოაზროვნეთა ლექციებში. აქ ჩვენს თემას, შიშით ვინმემ არ გაიგოსო სამრევლო სკოლაში, ან საჯარო სკოლაში, ან ამერიკულ სკოლაში და ა.შ. ლექციებს არქმევენ, ვითომც ეს დიდი არაფერია. თითქოს ბავშვები ბავშვურად ინტერესდებიან და აკადემია, და განათლების სისტემა და სახელმწიფო არაფერ შუაშია... ამას სერიოზულად არც აღვიქვამთ. რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ გამყალბებელი (მოღალატე) გამოსწორდება, გარედან დამკვეთი აღარ დაუკვეთავს, აღარ მისცემს გრანტს, ჭეშმარიტება თავისით მოვა? ერთი პერიოდი საქმე უკეთესობისკენ წავიდა და ვიფიქრე, ვიღაცა, სადღაც ზემოთ მიხვდა ამ განძის მნიშვნელობას დღევანდელობისთვისმეთქი, თქვენც არ მომიკვდეთ... თურმე, ეს მხოლოდ მანევრი იყო და ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ...
პრინციპი: სად წაიღებს კვლევის შედეგებს, როგორც ინგოროყვა, პატარიძე, ინწკირველი, ჩხენკელი მოვინელეთ, ისე მოხდება ცინცაძის შემთხვევაში, ძალაში დარჩა. მაგრამ... აქ მთლად ასე იოლად არაა საქმე. ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერთა დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ცინცაძემ მათი გაჭედილი ნამგლითა და მათივე დათესილი ყანის მთელი მოსავალი მოიმკა. გაირკვა, რომ თურმე იოანე ზოსიმე, ლეონტი მროველი, ვეფხისტყაოსანი, თქმულება ამირანზე ერთი და იგივე გასაღებით იხსნება და ამის გარეშე ეს ნაწარმოებები უბრალოდ არ გვესმის... რომ ძველი ქართული დაშიფრული (ღვთაებრივი) ენაა, რომ ბაბილონის გოდოლი შიფრული პროექტია, რომელზეც ეს ენა აიგო, რომ ამ უფლის საიდუმლოს გამო მას „ლაზარე რქვან“ (სახარებაში). რომ სწორედ ეს ენა შეიქმნა ნინევიაში და ასეც ჩაიწერა ბიბლიაში, სწორედ იგი განავრცო იბერიაში ფარნავაზ მეფემ. თუ აქამდე ეს ფრაგმენტულად ჩანდა, ახლა ეს ყველაფერი ცხადად, სისტემურად გამოჩნდა და მტკიცდება კიდეც. და უფრო მეტიც, როგორც ბრძანეთ, მზადაა პირველი იბერიულ ენათა კრიპტოგრაფიული ლექსიკონი, სადაც ეს ყველაფერი ფაქტი ხდება. და ვინ გვინდა გაიგოს ეს, იმ აკადემიამ, რომელიც ამდენი ხანი ხელოვნურ (ღვთაებრივ) ენაზე მუშაობდა და ვერ გაიგო?!
კორ. _ ბატონო ალიკო, როგორც თქვენგან ვიცით, ის რაც იხსნება გასაღებით, იმავე გასაღებით იკეტება.. და ეს საქართველოში ერთხელ დავით აღმაშენებლის დროს უკვე მოხდა, დაიკეტა ე.წ. „პორტალი“ და შემდეგ ათასი წელი არავის გახსენებია. ამიტომაც დაიწერა „გალობანი სინანულისანი“... თქვენ ბრძანეთ, რომ ეს კიდევ შეიძლება მოხდეს. რამდენად სწორია რაც ვთქვი?
ა.ც. _ დიახ, რაც გვაქვს ეს ინგოროყვა, ინწკირველის, პატარიძის, ჩხენკელის გავლილი გზის კულმინაციაა... სხვა გზა უბრალოდ არ ჩანს, ან ყოველმხრივი აღიარება და მონანიება... და ჭეშმარიტების ზეიმი. დღეს, ხომ აღდგომაა, ჭეშმარიტების გამარჯვების დღე სიყალბეზე, სიცოცხლის სიკვდილზე... ან როგორც თქვენ ბრძანეთ პორტალის დახურვა. სად არის საპატრიარქო (სადაც არის გასაგებია), მარტო ლექციებზე დასწრება და მოსმენა არაა საკმარისი. როგორც ერთმა კეთილისმყოფელმა მითხრა, მე ჯინი გამოვუშვი ბოთლიდან და ახლა დიდს თუ პატარას ანბანი უჭირავს ხელში და ითვლის, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, პროფესიონალები და ავტორები აღარ ახსოვთ. ამას კი აკადემიიდან პრეზიდიუმი მართავს (თუ უფრო ზემოდან არ მართავენ). ამ სიტუაციაში დაკეტვა ერთადერთი გზაა. ვის უნდა ჩავუგდოთ ეს განძი ხელში?!
საოცრებაა, რომ ღმერთმა ამ დილემის წინაშე დაგვაყენა. თუ ანბანური სისტემა მეხუთე საუკუნემდე არ გვქონია, და ამდენი მსოფლმხედველობრივად მნიშვნელოვანი სიტყვები დაშიფრულია, მაშინ ისინი მეხუთე საუკუნემდე არ გვქონია. ანბანის გარეშე დაშიფვრა ხომ შეუძლებელია?! მეხუთე საუკუნემდე არ გვცოდნია თვლა, არ გვცოდნია „ღმერთი,“ მერე აშენებულა ბაბილონის გოდოლი, მერე ქრისტიანებს დაგვიდგია წაღმართული კერპები, მერე დაბადებულა კოლხეთში მედეა. გამოდის ამ დრომდე იბერიის არსებობას საერთოდ, კითხვის ნიშანი ადგება...
ანდა რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიები დღეს ვერ პასუხობენ კითხვას: რა არის ჰემატრია, ან ასტროენათმეცნიერება, და ამაში გარკვევას (აღიარებაზე არაფერს ვამბობ) ბიკენტიას საქაბაბეს სიუჟეტს ამჯობინებენ... როცა ოპოზიცია, ერთი თვის წინათ მიტინგიდან რომ იძახდა „ჩვენ გვყავს ალიკო ცინცაძეო!“ ახლა ქვეყნის სიყვარულის გამო ფაშისტად გაცხადებს (ამ დროს მცირე ერების ფაშიზმი არარსებული უტოპიაა), როცა ვინც უნდა გიცავდეს, ან ჭკუას გეკითხებოდეს, მას სიმართლეში გარკვევას, ან წიგნის წაკითხვას ურჩევნია შეცდომად მიგიჩნიოს (ასე უფრო იოლია), როცა აკადემია (რომ გვყავდეს) ექსპერტიზას უნდა ნიშნავდეს და გვერდით გედგეს, ამ დროს სიხარულით ხელებს იფშვნეტს, ეს რა თავსატეხი მოვიშორეო (რადგან მისი სიყალბე ამ აღმოჩენით ცხადზე ცხადია)... ისევ ისე უსიტყვოდ და უაპელაციოდ სრულდება ქვეყნის გარედან მოსული დაკვეთა, გეგონება კვლევისა და წიგნების წერის მაგივრად მე ყუმბარებს და ქვემეხებს ვამზადებდე... ამ დროს ჩემი სიჩუმე ან უმოქმედობა უკვე დანაშაულია.
ქვეყანას, რომელსაც ამ განძის დაფასება არ ძალუძს, არცაა ღირსი იგი ჰქონდეს... ასე უმტყუნა ქალდეველ წინასწარმეტყველებს ალღომ, ასე გაცუდდა ვეფხისტყაოსნის წინასწარმეტყველება... ხელისუფლებები კი ღმერთს ეთამაშებიან... როდის დაიხურება? ძალიან არ მინდა რომ ეს დღე დადგეს...