04/10/2025
4-5 ოქტომბერს თბილისში მომხდარი მშვიდობიანი „რევოლუცია“ არც რევოლუცია იყო და არც ნაბიჯი ცვლილებებისთვის, ეს იყო უსუსური ბრუნვა საწოლში, რომელიც ისე უნიათოდ შესრულდა, რომ თავადვე დავეცით იატაკზე.
რეალობამ დაგვანახა რომ არც დიდი რაოდენობის სპეცრაზმი სჭირდება რეჟიმს ჩვენს დასაშლელად და არც წყლის ჭავლი – საკმარისია მიკროფონთან დადგეს ერთი-ორი დეგენერატი და ყველაფერი თავისით ჩაიშლება.
როდესაც წუთნახევარში სამჯერ იცვლება მიმართულების მოწოდება ჯერ ორბელიანი, მერე ლესელიძე, მერე პარლამენტი ამას აღარ ჰქვია ორგანიზებულობა, ეს არის ქაოსი. და როცა ბოლოს ისმის მოწოდება „თვითორგანიზებულობისკენ“, ჩნდება მარტივი კითხვა: თუ თვითორგანიზებულები უნდა ვიყოთ, მაშინ შენ მიკროფონთან რას მიგდიხარ და რატომ გაიძახი რომ ორგანიზატორი ხარ?
მართლაც, ხელისუფლებას აღარ სჭირდება პროტესტის დაშლა – ოპოზიციური ბანაკის არაკომპეტენტურობა და ქაოსი ამას თავად აკეთებს. ისევ და ისევ იმავე შეცდომებს ვიმეორებთ, ისევ იმავე ტიპის ადამიანებს ვუშვებთ სცენაზე და ისევ ვნახულობთ შედეგს: აქცია ინგრევა საკუთარი სისუსტისგან.
ამიტომაც უნდა ვთქვათ მწარე სიმართლე: ეს ყველაფერი დასრულდა.
ქუჩის პროტესტის ენერგია ამოიწურა არა იმიტომ, რომ ხალხს აღარ უნდა ცვლილება – არამედ იმიტომ, რომ ხალხის ნება და ენერგია ისევ და ისევ ეჯახება ოპოზიციური “ლიდერების” არაკომპეტენტურობას. ჩვენ არ დავმარცხებულვართ ძალადობისგან – დავმარცხდით საკუთარი უუნარობისგან.
ამ ქვეყნის ქუჩებში ცვლილებები აღარ მოხდება.
თუ ოდესმე ისევ იქნება შანსი, ის უკვე სხვაგან უნდა ვეძებოთ, სხვა მეთოდებში, სხვა სტრატეგიაში, სხვა სივრცეებში. ეს ეპოქა დასრულდა. და მან თავისი ბოლო წუთები სწორედ 4-5 ოქტომბერს მოიხადა იატაკზე დაცემული „რევოლუციის“ სახით.