24/01/2025
✔️საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის და საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, 2025 წლის 23 იანვარს ხელი მოეწერა ხაზინის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (Murex) პროექტის წინარე ხელშეკრულებას. პროექტში მონაწილეობას იღებს 6 ადგილობრივი წამყვანი კომერციული ბანკი (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ტერა ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბანკი ქართუ), რომელთა მიზანია MUREX სისტემის ინოვაციური ფუნქციონალების გამოყენებით ხაზინის მართვის პროცესის გამარტივება.
✔️Murex სისტემის დახმარებით გაიზრდება პროექტის მონაწილე ბანკების საქმიანობის ეფექტურობა, გამარტივდება რეალურ დროში რისკების ანალიზი ოპტიმიზირებული სავაჭრო სტრატეგიებისა და მეტად ეფექტური სახაზინო ოპერაციების მეშვეობით. სისტემის ფუნქციონალი მონაწილე ბანკებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ გამარტივებული პროცესებით და მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ ფინანსური რისკების უკეთესად მართვას, თავიანთი სავაჭრო საქმიანობის ოპტიმიზაციას და საერთო ოპერაციული ეფექტურობის გაზრდას.
✔️საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) უზრუნველყოფს სისტემის დასანერგად საჭირო ჰოსტინგის ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნას.
✔️საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია (GFMTA) კოორდინაციას უწევს მიმდინარე პროექტის წარმატებით დაგეგმვა-ორგანიზების პროცესს, ხელს უწყობს მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობას და სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობას.
✔️ადგილობრივ საბანკო სექტორში საოპერაციო ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდით, Murex სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებას და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე ადგილობრივი ბაზრის მიმზიდველობის ამაღლებას.
🔗 დეტალურად: https://rb.gy/b10wos