„Women's Voice - Democracy and Security“

„Women's Voice - Democracy and Security“ ქალთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

17/06/2025
თინათინ მაღედანი, სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ლიდერი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „ეკო ცენტრის“ დამფუძნებელია. თი...
26/09/2024

თინათინ მაღედანი, სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ლიდერი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „ეკო ცენტრის“ დამფუძნებელია. თინათინი თავის გუნდთან ერთად უკვე 5 წელია იბრძვის რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად, უკეთესი გარემოს შესაქმნელად და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გასაზრდელად. თინათინი არის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი და საჯარო მმართველობის მაგისტრი. სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსისა და პავიას უნივერსიტეტებში.

თინათინი საუბრობს, გენდერულ სტერეოტიპებზე და ქალების როლზე გარემოსდაცვით აქტივიზმში. 👇👇👇

თანამედროვე მსოფლიოში გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა, რომლის დაძლევაც მხოლოდ ერთობლივი კოორდინირებული ქმედებებით შეიძლება.
საინტერესოა, რომ გარემოსდაცვით სფეროში ქალები განსაკუთრებით აქტიურები არიან.

„ეკო ცენტრის“, და სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ფეისბუქ გვერდების გამომწერების და ღონისძიებში მონაწილეთა 80% გოგონა ან ქალია. გარემოსდაცვით აქტივიზმში, განსაკუთრებით კი ე.წ. grassroot დონეზე ბევრად მეტი ქალია ჩართული, ვიდრე კაცი. ვგულისხმობ, თანმიმდევრულ და ყოველდღიურ ჩართულობას. ხშირად ისმის კითხვა თუ რა განაპირობებს ქალების განსაკუთრებულ აქტიურობას ამ სფეროში.

გენდერული როლები და კავშირი ბუნებრივ რესურსებთან: საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული როლების გამო, მსოფლიოს მასშტაბით ქალები უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ბუნებრივ რესურსებთან, როგორიცაა წყალი, მიწა და ტყე. შედეგად, ისინი პირველი გრძნობენ და ხედავენ გარემოში მიმდინარე ცვლილებებს და მის პირდაპირ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მაგალითად, როდესაც წყაროები შრება გვალვების გამო, ძირითადად, ქალებს უწევთ უფრო შორ მანძილზე გადაადგილება წყლის მოპოვების მიზნით. პირდაპირი კავშირი მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და გარემოს მდგომარეობას შორის, ხდება მიზეზი იმისა, რომ ქალები უფრო აქტიურად მოითხოვენ რესურსების მდგრად მართვას და ადვოკატირებენ ამ საკითხებს.

ქალები კაცებთან შედარებით გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ საოჯახო საქმეებზე. ხშირად უწევთ სარეცხზე, დასუფთავებაზე, გადამუშავებაზე ზრუნვა ეკო-მეგობრული პროდუქტების ძალიან დიდი ნაწილის მარკეტინგიც ძირითადად, ქალებზეა მიმართული. ამ მოცემულობას საბაზრო კვლევის კომპანია Mintel-მა უწოდა "ეკოლოგიური გენდერული სხვაობა". მათივე თქმით, თუ ეკომეგობრული პროდუქტების შესახებ კამპანიები ძირითადად ქალ აუდიტორიაზე იქნება მიმართული, დიდი რისკია, რომ მოხდეს სტერეოტიპული იდეის დამკვიდრების ხელშეწყობა, თითქოს გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ქალების საქმეა. იდეა მავნებლურია, რადგან ოჯახის გარდა, უკვე პლანეტაზე ზრუნვაც ქალების საქმედ არის წარმოჩენილი და ამით კაცებს ვაცილებთ პასუხისმგებლობას.

კლიმატის ზეგავლენა, ქალების დამატებითი მოტივაცია: კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ქალებისა და გოგონების საარსებო წყაროებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. სტატისტიკა შემაძრწუნებელია: კლიმატის კატასტროფის დროს ქალების და ბავშვების გარდაცვალების ალბათობა 14-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების. მაგალითად, 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამის დროს დაღუპული 230,000 ადამიანიდან 70% პროცენტი ქალი იყო. ცხადია აღნიშნულის მიზეზებიც არსებობს. ქალებს უმეტესად არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ კატასტროფებს მომზადებულები დახვდნენ. მაგალითად, წყალდიდობების დროს ბევრად მეტი გოგონა/ქალი კვდება, რადგან დამკვიდრებული სოციალური და კულტურული ნორმების გამო, ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს ცურვას არ ასწავლიან. 1991 წელს ბანგლადეშში ციკლონით გამოწვეული კატასტროფების დროს დაღუპული 140,000 ადამიანიდან 90% ქალი იყო. მსგავსი ტენდენციები გამოვლინდა ცუნამების დროსაც.

ქალებს არათანაბარი ზრუნვის ტვირთი აწევთ და იღებენ პასუხისმგებლობას დაუცველი ჯგუფების მოვლაზე. კატასტროფების დროს სწორედ ქალები გვევლინებიან პირველად დამხმარე ძალად, შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი სხვების გადარჩენის დროსაც იღუპება.

ქალები მუშაობენ ისეთ სფეროებში, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველია კლიმატის ცვლილების უარყოფითი ეფექტების მიმართ, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წყალთან და ტყესთან დაკავშირებული აქტივობები. ასევე, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, იზრდება ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის რისკები. კლიმატის ცვლილების შედეგები განსაკუთრებით მძიმედ მარტოხელა დედებზე აისახება. ისინი მეტად დაუცველები არიან და უწევთ საკუთარი თავისა და შვილების მოვლა, ხშირად რაიმე სახის შემოსავლის გარეშე. ამიტომ, როდესაც ექსტრემალური ამინდი ან ბუნებრივი კატასტროფა ატყდებათ თავს, მათთვის განსაკუთრებით რთულია ამ გამოწევევბის დაძლევა.

130 კვლევის მეტა ანალიზში, 68% აჩვენებდა, რომ ქალებზე კლიმატთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები უფრო მეტად მოქმედებდა, ვიდრე კაცებზე. დედათა და პერინატალური ჯანმრთელობა განსაკუთრებით ზარალდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებით, როგორიცაა უკიდურესი სიცხე. ასევე ზარალდება ხანდაზმული ქალების ჯანმრთელობა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილება გენდერულად ნეიტრალური არ არის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემები აჩვენებს, რომ ამჟამად, მთელ მსოფლიოში, კლიმატის ცვლილების გამო გადაადგილებული ადამიანების 80%-ს ქალები შეადგენენ. შესაძლოა, სწორედ ზემოთ აღწერილი რეალობა უბიძგებს ქალებს, ხმა აიმაღლონ კლიმატის ცვლილების შერბილების შესახებ.

მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე: იელის კლიმატის ცვლილების კომუნიკაციის პროგრამის მიერ 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალები უფრო მეტად ეთანხმებიან კლიმატის მეცნიერებს, სჯერათ, რომ კლიმატის ცვლილება საზიანო იქნება და უფრო შეშფოთებულნი არიან კლიმატის ცვლილებით, ვიდრე კაცები.

ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტისა და ჟენევის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მკვლევართა გუნდის მიერ 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ კი დაადგინა, რომ ქალი ეკონომისტები უფრო მეტად უჭერენ მხარს გარემოსდაცვით პოლიტიკას, ვიდრე მათი მამაკაცი კოლეგები. რაც ნიშნავს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა მოგვცემს მეტ შესაძლებლობებს, ემისიების უსაფრთხო წერტილამდე შესამცირებლად.

კერძო სექტორში, არსებული კვლევები აჩვენებს, რომ კომპანიები, რომელთა საბჭოებშიც ქალების უფრო დიდი წილია, მეტად არიან მიდრეკილნი გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობა, შეამცირონ კომპანიების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და განახორციელონ ინვესტიციები განახლებად ენერგიაში. იტალიის ურბინოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ქალი ლიდერები პრიორიტეტს ანიჭებენ ნარჩენების სათანადო მართვას, წყლის, ენერგიისა და რესურსების არასწორი გამოყენების შემცირებას.

კლიმატის ცვლილების გამოწვევების წინაშე, აუცილებელია ვაღიაროთ ქალების უნიკალური როლი და პოტენციალი. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, გვჭირდება მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ქალების გაძლიერება პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ფინანსებსა და მეწარმეობაში არის სტრატეგიული ნაბიჯი კლიმატის კრიზისის/გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად. ქალების მრავალფეროვანი ხედვები და გამოცდილება შეიძლება გახდეს კატალიზატორი ინოვაციური და ეფექტური კლიმატური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when „Women's Voice - Democracy and Security“ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to „Women's Voice - Democracy and Security“:

Share