29/05/2026
🔵ყოველწლიურად, 29 მაისს, საერთაშორისო თანამეგობრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე ეძღვნება იმ ადამიანების თავდადებას, ღვაწლსა და სიმამაცეს, რომლებიც გაეროს დროშის ქვეშ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად მსახურობდნენ ან დღესაც მსახურობენ.
29 მაისი სიმბოლურად შეირჩა: 1948 წლის ამ დღეს დაარსდა გაეროს პირველი სამშვიდობო მისია , სამეთვალყურეო ორგანიზაცია (UNTSO), რომელიც არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აკონტროლებდა. თავად თარიღი ოფიციალურად დაწესდა გაეროს გენერალური ასამბლეის 2002 წლის 11 დეკემბრის №57/129 რეზოლუციით, უკრაინის მთავრობისა და უკრაინის მშვიდობისმყოფელთა ასოციაციის ინიციატივით, და პირველად 2003 წელს აღინიშნა.
🔵სამშვიდობო ოპერაციების მასშტაბები
გაეროს სამშვიდობო საქმიანობა გლობალური მასშტაბისაა. 1948 წლიდან დღემდე, მსოფლიოს 70-ზე მეტ სამშვიდობო ოპერაციაში გაეროს დროშის ქვეშ ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა იმსახურა. ამჟამად მიმდინარე 11 აქტიურ მისიაში 51 000-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო პირია ჩართული, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფენ.
⚫️მისიის ფასი: ადამიანური მსხვერპლი
სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა უდიდეს რისკებთან არის დაკავშირებული. პირველი მისიის დაარსებიდან დღემდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძალადობრივი თავდასხმების, უბედური შემთხვევებისა თუ დაავადებების შედეგად 4 000-ზე მეტი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც გენერალური მდივანი ყოველწლიურად ხელმძღვანელობს გვირგვინის შემკობის საზეიმო ცერემონიალს. წელს ორგანიზაცია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წინა წელს დაღუპულ 57 მშვიდობისმყოფელს.
🔵2026 წლის თემა: „ინვესტიცია მშვიდობაში"
ეს გზავნილი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც სამშვიდობო მისიებს შეზღუდული რესურსების პირობებში უწევთ მუშაობა. ეს თემა ხაზს უსვამს, რომ სამშვიდობო საქმიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია კონფლიქტების პრევენციის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის, ესკალაციის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის დაცვისთვის.
🔵საზოგადოებრივი ჩართულობა
ამ დღის აღნიშვნა მხოლოდ ოფიციალური ცერემონიებით არ შემოიფარგლება. გაეროს ოფისები, წევრი სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში მართავენ სხვადასხვა ღონისძიებას. სამშვიდობო მისიები ამ დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან კავშირების გასამყარებლადაც იყენებენ , კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობების მეშვეობით ისინი ხელს უწყობენ დიალოგს მშვიდობის მნიშვნელობაზე.
🔵საერთო მიზანი
გაეროს მშვიდობისმყოფელები სხვადასხვა ქვეყნის, კულტურისა და პროფესიის ადამიანები არიან, თუმცა გაეროს დროშის ქვეშ მათ ერთი საერთო მიზანი აერთიანებთ: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა ან აღდგენა;
ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარება;
ომგამოვლილი საზოგადოებების მხარდაჭერა სტაბილურ განვითარებაზე გადასვლის პროცესში.
🔵მშვიდობა არ არის მოცემულობა, რომელიც თავისით ნარჩუნდება. ის მიზანმიმართული, გაბედული და ხშირად უდიდესი ადამიანური მსხვერპლის ფასად მიღწეული შრომის შედეგია. გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მონაწილეები სწორედ ამ თავდადებას განასახიერებენ და სავსებით კანონზომიერია, რომ წელიწადში ერთი დღე მათ დამსახურებულ აღიარებას ეთმობა.