11/11/2023
🌿 ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ეკომიგრანტი ქალები გარემოსდაცვითი სამართლიანობისათვის".
🌱 პროექტის ფარგლებში ეკომიგრანტი ქალების ისტორიები შევაგროვეთ. წარმოგიგდენთ ნარგიზა კახაძის ისტორიას. ნარგიზა აჭარიდან არის, ის ახლა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ცხოვრობს.
***
Მე ვარ ნარგიზა კახაძე, 51 წლის. სანამ ჩამოგვასახლებდნენ, ხულოს რაიონში ვცხოვრობდი, სოფელ ტაბახმელაში. იქ ძალიან ლამაზი სოფელია, თუმცა მეწყერსაშიშროებაც იყო. Ჩემი სახლის ახლა მხოლოდ ნასახლარია შემორჩენილი.
ერთ ზამთარს წამოვიდა თოვლი, შემოანგრია კარი და შემოვიდა სახლში. […] და მერე წალკაში რომ გამოჩნდა პროგრამა, აჭარლები გადმოგვასახლეს, ჩვენც წამოვედით საცხოვრებლად. Მე წამოვედი 2004 წელს. თუმცა ეს ამბავი [ზვავის ჩამოწოლა] მოხდა 2002 წელს.
Სანამ სტიქია მოვიდოდა, სტიქიამდე რამე საფრთხეს არ ვგრძნობდით, მაგრამ ერთი რომ სტიქია მოვიდა და კარი შემოგვინგრია, იმის მერე ვიყავით საშიშ სიტუაციაში. ამის შემდეგ ორი წელი ვცხოვრობდით შიშში. ეს შიში, წარმოიდგინე, როგორი იყო, დაიძნებ და ფიქრობ - “ვაიმე, ეხლა ზვავი რომ შემოვარდეს, ბავშვებს არაფერი დაემართოთ” და ამ შიშში გითენდებოდა ყველა დღე. Მერე კიდევ ის იყო, რომ ნაკვეთს ვერ ვამუშავებდით და ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. სახლი რომ მედგა, იმის უკან მქონდა ნაკვეთი და იმ ნაკვეთმა დაიწყო ცოცვა. ეს ორი წელი გაგრძელდა ასე ბოლოს რომ ვთქვი, რამდენ ხანს უნდა იცხოვრო ასე შიშში, ამას შიმშილობა დაემატა, უქონლობა და ძაან ძნელი ორი წელი მქონდა.
როცა მასიური გადასახლება დაიწყო და ჩვენები ყველა ჩამოსახლდნენ, Მეც ავდექი და წამოვედი, აბა რაღა უნდა მექნა?! იქ აღარ შეიძლებოდა დარჩენა. ჰოდა, გავაგრძელე ცხოვრება წალკაში. Მაშინ კარი-კარს დადიოდნენ და ამოწმებდნენ ვინ იყო გასასახლებელი და ვინ არა. Შეგვამოწმეს, რომ საშიშ მდგომარეობაში ვიყავით და ასე მოხდა.
Სოფლის დატოვების დროს სახელმწიფო გადმობარგებაში დაგვეხმარა. Საცხოვრებელი ჩვენით “მოვაგვარეთ”. სახლები იყო, შეხვიდოდი და იცხოვრებდი. Ბერძნების დატოვებული სახლები იყო. Ნებართვა არ იყო საჭირო, მე როგორც ვიცი. შეხვიდოდი და იცხოვრებდი, არავინ არაფერს არ გეუბნებოდა. Მშობლებთან, ძმასთან, ორი ბავშვით, ბავშვებიც მყავდა, ქმრით. Ჩამოვედით ყველა ერთად.
***
Ხულოში ჩვეულებრივი სოფლური ცხოვრება გვქონდა. ქალი, მაგალითად, დილას ადგებოდა. საჭმელს გააკეთებდა, მერე ბოსელში წავიდოდა, ბოსელს მოილაგებდა და ასე. თუ, მაგალითად, თივა იყო ასაღები, წაყვებოდა ქალი ქმარს, მოფოცხავდა, კაცი აიღებდა თივას. ყოველდღიური ცხოვრება ეს იყო, სახლის საქმეები. ჭირდა, ძალიან ჭირდა. Მაშინ ყველაფერი იაფიც იყო, მაგრამ ფულის შოვნაც ძალიან ძნელი იყო, სხვათა შორის. Ხო ყველაფერში “კაპიკებს” ვიხდიდით, მაგრამ ფულს ვერ ვშოულობდით.
Ხულოში ძაან თბილი ურთიერთობა გვქონდა მეზობლებს, მემგონი იმიტომ, რომ ყველა ერთი ფენა იყო, არავის არავისზე მეტი არ ჰქონდა. უფრო მეტი სიყვარული და დაფასება გვქონდა ერთმანეთში, მართლა. Მერე წალკაში რომ ჩამოვედი, უფრო სხვა ცხოვრება იყო და ძალიან ძნელი იყო ამ სითბოდან და სიყვარულიდან რომ გადავარდები სადღაც, როგორ ადგილას იცი?! თითქოს ახლად დაიბადე, ახლად სწავლობ და ახლად ეგუები ყველაფერს.
წალკაში უფრო სხვა სიტუაცია იყო. იქ უფრო ბევრი სხვადასხვა ეთნოსის ხალხი ცხოვრობდა - ბერძნები, სომეხები, აზერებაიჯანელები, ჩვენ, ქართველები. ყველა რჯულის ხალხი ცხოვრობდა და ყველას თავისებური შეგუება სჭირდებოდა.
Მაგალითად, ბერძნებს უკვირდათ - აქ რამ ჩამოგიყვანათო, არაფერი არ მოდისო. აქ რატომ ჩამოხვედითო, რა უნდა გააკეთოთო. მათ აშენებული სახლებში დავიწყეთ ცხოვრება და არ მოსწონდათ. გასამტყუნი არ არიან, აი, ჩემ სახლში რომ ვიღაცა მოვიდეს და ცხოვრება დაიწყოს, მეც ვერ ავიტან. ჰოდა უკვირდათ ყველაფერი, აქო ჩვენო მწვანილსაც ვყიდულობთო. Მერე ჩვენ რომ დავთესეთ, მწვანილიც მოვიყვანეთ, კიტრი, პომიდორიც, უკვირდათ, მართლა მაგარი ხალხი ხართო, ჩვენო აქ ყველაფერს ვყიდულობდითო.
****
უმეტესობა, ადრე ჩემ დროში ხულოში მუსლიმები ვიყავით, თუმცა ქრისტიანებიც ცხოვრობენ. Მაგალითად, ახლა ხულოს ცენტრში მეჩეთი და ეკლესია ერთად დგას. ვისაც უნდა მეჩეთში შევა, ილოცებს, ვისაც უნდა ეკლესიაში შევა, ილოცებს.
Რაც შეეხება ქალებს, Ჩვენი რელიგია რასაც ითხოვს იმას ვერ ვაკეთებდით, ნამდვილად. Ჩვენი რელიგია ითხოვს თავსაბურავის ტარებას, მკლავზე უნდა დაიფარო, გრძელი კაბა უნდა გეცვას. ეხლა ვის აცვია, ვის ახურია, ან ვის აცვია გრძელი კაბა? ვერ ვემსახურები სათანადოდ, როგორც ამას ჩვენი რელიგია მოითხოვს.
Წალკაშიც გავაგრძელეთ ყველაფერი, აი, რელიგიაა სადაც არ უნდა წავიდე, როგორ უნდა შეიცვალო. Ხულოში რომ ვიყავი, მერე წალკაში ჩამოვედი, რელიგია შევიცვალო, მაგას ვინმე ვერ დაგავალებს და გააკეთებ. Მეჩეთი იყო წალკის ცენტრში და შეგეძლო გელოცა.
შულავერში, მარნეულში 8 წლის წინ გადმოვედით. Ჩემს ქმარს ეს სახლი ჰქონდა და აქ რომ დაიწყო მუშაობა მეც წამომიყვანა. ისე შემენანა აქ წამოსვლა, მარა რას იზამ?! ქმარი სადაც წაგიყვანს იქ უნდა წახვიდე. დავიწყეთ მერე აქ მუშაობა, აქაც სომხები, აზერბაიჯანელები, აჭარლები ერთად ვცხოვრობთ. აქაც შევეგუე. ალბათ ღმერთიდან მაქვს დაწერილი, რომ სადაც წავალ უნდა შეგეუო ყველაფერს და აბა რა ვქნა, არ შეეგუები და რას იზამ რომ?!
****
უნდა დავიცვათ ბუნება მართლა, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას. Ბუნებას როცა არ იცავ, ანადგურებ და ჭრი ხეებს ეს, რა თქმა უნდა კატასტროფაა, ამით გამოიწვევა მერე ბუნებრივი სტიქიები.
აქ სოფელში Ბუნების დანაგვიანება ძალიან ხშირია, ყველგან ანაგვიანებენ სადაც მივლენ. ამხელა ქუჩაზე კიდევ მარტო ერთი ნაგვის ურნაა, არ შეუძლიათ რო მეტი დაგვიდონ აქა?! Სად წაიღებს ადამიანი აბა ნაგავს, გაიტანს, ხან რომელი ხის ძირში მიაგდებს და ხან რომელი ხის ძირში, რომ არ არის არაფერი. ამიტომ ხშირია ბუნების დანაგვიანება აქ ყოველთვის. Მითუმეტეს, სოფელია და სოფელში ძაან ბევრი ნაგავია ყოველთვის.
ინფორმაციაც არავის მოუწოდებია, არავინ გვესაუბრება გარემოს დაცვის საკითხებზე. არც ის ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სტიქიები მოხდება.
🌱 Ჩემთვის გარემოსდაცვითი სამართლიანობა არის ის რომ, გარემო ყველამ უნდა დავიცვათ. Ნაღდად ასეა! ყველას გვაქვს თანაბარი როლი და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. აბა, განსაკუთრებული რითია სხვა?!
Women's Fund in Georgia