05/02/2025
ჩემი ერთერთი კომენტარი მეგობრის პოსტის ქვეშ - თემა: მხილება თუ ადამიანის ცოდვების სააშკარაოზე გამოტანა?...
📌 ჩემო ძვირფასო მეგობარო, პირველ რიგში გეთანხმები, რომ ყველაზე დიდი სიბრძნე და სიძლიერე სწორედ საკუთარი თავის მხილებასა და გამოსწორებაშია. ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავში ვერ დაინახა ნაკლოვანებები და შეცდომები, ვერასდროს ეზიარება ჭეშმარიტებას და ვერც აღიმაღლებს საკუთარ სულს ღვთისკენ.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხილება სიყვარულის გარეშე არ არის ღვთის გზა და მითუმეტეს სიტყვა მხილება სულაც არ ნიშნავს სააშკარაოზე გამოტანას,როგორც ამას უამრავი ადამიანი აკეთებს.
"მხილება" რელიგიური სიტყვაა, რომელიც ცვლის სოციალურ სიტყვას " გამოაშკარავებას"
ანუ ბიბლიური მხილება არ არის უბრალოდ ვინმეს შეცდომების საჯაროდ გამოტანა, არამედ ეს არის მოყვასის სიყვარულით შენიშვნის მიცემა, რომელიც მის სულს გადასარჩენად სჭირდება.
მხილება ეს არ არის დაცინვა ან ქედმაღლობა, არამედ თავმდაბლობით მიცემული რჩევა , რომელიც ადამიანს სინანულისკენ წაიყვანს და სწორ გამოსავალს აპოვნინებს.
მხილება ეს არის მსახურება, როდესაც ჩვენ არ ვაყენებთ თავს სხვაზე მაღლა, არამედ, პირიქით, ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ვართ სუსტი ადამიანები და ერთად უნდა ვეძიოთ ღმერთი.
როდესაც ადამიანს ამხელ, არ უნდა იგრძნოს, რომ შენ მასზე უკეთესი ხარ, პირიქით უნდა იგრძნოს, რომ შენც ცოდვილი ხარ, მაგრამ ღმერთი მოგიტევებს, და ისიც იგრძნობს სურვილს შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ანუ სიტყვა "მხილება" განსხვავდება „გაშიფვრასგან, „გამოაშკარავებისგან“
ანუ როგორც მაღლა ვთქვი სამწუხაროდ ბევრი ფიქრობს, რომ მხილება ნიშნავს უბრალოდ შეცდომების გამოყვანას დღის სინათლეზე. მაგრამ ეს არ არის მხილება ეს უფრო სოციალური მოვლენა ან პოლიტიკური იარაღია იმ მიზნით, რომ სხვისი შეცდომების და კრიტიკის ხარჯზე საკუთარი ავტორიტეტი აიმაღლონ.
ხოლო ბიბლიური მხილება ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა უბრალოდ შეცდომებზე, არამედ ვეხმარებით ადამიანს შეიცნოს თავისი დაცემა და გამოსწორდეს.
უფალმა გვასწავლა არა მხოლოდ ბოროტების მხილება, არამედ მისი გადალახვაც სიყვარულით, მოთმინებით და სიმართლით.
ჩვენ არ უნდა შევიძულოთ, თუნდაც ისინი, ვინც გვაწყენინეს ან უღმერთოდ ცხოვრობენ. ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება მოიგო. როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ სინანულს, მაგრამ თანაგრძნობის გარეშე, ჩვენ მხოლოდ განკითხვას ვახდენთ, და ეს უკვე არა ღვთის ნებაა, არამედ ადამიანის ამპარტავნება.
უფალი ამბობს:
„შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“
„მომიტევეთ, რათა მოგეტევოთ.“
„ნუ განიკითხავთ, რათა არ განგიკითხონ.“
დღეს, ამ განსაცდელით სავსე დროში, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ძალაუფლებისა და სიმართლის დამტკიცებას სიძულვილით ვცდილობთ. თუმცა სიმართლე არასდროს არის სიძულვილში. სიმართლე მხოლოდ მაშინ იმარჯვებს, როდესაც მას თან ახლავს სიყვარული და გულწრფელი მზრუნველობა მოყვასის სულზე.
კაცობრიობის უდიდესი მტრობა სიძულვილია. ამ სიძულვილს მაცდური აგზავნის ჩვენს გულებში, რათა ქართველმა ქართველს ზურგი შეაქციოს, დაარღვიოს ერთობა და გააქროს ჩვენი ხალხის ძალა. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერი შიგნით, ჩვენს გულებში ბუდობს ეს არის სიძულვილი, ამპარტავნება და განკითხვა.
მართლაც გულდასაწყვეტია, რომ ბევრს მხოლოდ ფული, ძალაუფლება და მიწიერი სიამეები ადარდებს, მაგრამ ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ვაჩვენოთ მათ სხვა გზა სულიერი სიწმინდის, მშვიდობისა და სიმართლის გზა.
ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლით და ხორცით, არამედ სულიერი ბრძოლაა ბრძოლა საკუთარი გულის გასაწმენდად, რომ არ მივცეთ უფლება ბოროტებას, დაგვაბნელოს და გვაიძულოს სიძულვილით ცხოვრება.
გახსოვდეს, რომ ბოროტებას ვერ დაამარცხებ ბოროტებით მხოლოდ სიყვარული იმარჯვებს!
ვერც სიძულვილი გაბრწყინდება მხოლოდ ერთიანობა გვაძლიერებს!
ვერც განკითხვა გვაპოვნინებს სიმართლეს მხოლოდ გულწრფელი სინანული და მიტევება მიგვიყვანს ღმერთამდე!
უფალმა გვასწავლა, რომ სიყვარული არის ყველაზე დიდი სიძლიერე. სიყვარული ბოროტებას დააყენებს სამსჯავროზე, სიყვარული გარდაქმნის ყველაზე ცივ გულსაც, სიყვარული გააღვიძებს უძინარ სულს!
ჩვენ არ უნდა ვიყოთ სიძულვილის მონები, არამედ უნდა გავხდეთ ღმერთის ნათლის, სიყვარულისა და სიმართლის მქადაგებლები.
უფალს დიდება! ღმერთმა აკურთხოს საქართველო და ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რომ სიძულვილიდან სიყვარულისკენ, შუღლიდან ერთიანობისკენ, განკითხვისგან მონანიებისკენ ვიაროთ!
ბოდიშს გიხდი ძმადნაფიცო, თუ ჩემი შინაგანი გულისძახილი სწორად ვერ გადმოვეცი, თუმცა საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ სწორად დამელაგა სიტყვები.
მშვიდობა, სიყვარული და მიტევება იყოს ჩვენს შორის ამინ!
პატივისცემით ქისტი-ქართველი თემური ცათიაშვილი 05/02/2025