14/09/2026
🛠️ WorldSkills Shanghai 2026-ისთვის საქართველოს გუნდის მზადება თაბაშირ-მუყაოს სამუშაოების მიმართულებით გრძელდება
🇬🇪 საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს გიორგი ბურდილაძე წარადგენს. გიორგი 2025 წლის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული და კოლეჯ „სპექტრის“ კურსდამთავრებულია.
📐 მომზადების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა WorldSkills-ის თაბაშირ-მუყაოს სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, დარგობრივი ნახაზების სწორ წაკითხვას, კონსტრუქციის ზომების სიზუსტეს, მეტალის პროფილების სწორ მონტაჟს, თაბაშირ-მუყაოს ფილების ზუსტ ჭრასა და დამაგრებას, კედლების, ტიხრების, კუთხეებისა და ჭერის ელემენტების დამუშავებას.
⏱️ ასევე მნიშვნელოვანია სამუშაოს ტექნოლოგიური თანმიმდევრობით შესრულება, მასალის ეფექტიანი გამოყენება, უსაფრთხოების წესების დაცვა და დავალების განსაზღვრულ დროში დასრულება.
👷♂️ გიორგის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული WorldSkills საქართველოს თაბაშირ-მუყაოს სამუშაოების ექსპერტი ნუგზარ ხადური, რომელიც კონკურსანტთან ერთად მუშაობს საერთაშორისო კონკურსისთვის საჭირო პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების დახვეწაზე.
🤝 მომზადების პროცესის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია „კნაუფ გიპს თბილისი“, რომლის აქტიური ჩართულობაც ხელს უწყობს კონკურსანტის პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერებასა და თანამედროვე პროფესიული მიდგომების გათვალისწინებას.
🏛️ WorldSkills Shanghai 2026-ში საქართველოს მონაწილეობას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. WorldSkills საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელია კოლეჯი „მოდუსი“.
🌍 საერთაშორისო კონკურსამდე სულ ცოტა რჩება- ვუსურვებთ გიორგი ბურდილაძეს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე!
#პროფესიულიგანათლება