19/11/2025
ჩეხეთში მცხოვრები ქართული დიასპორის სახელით გვსურს გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება კანონში შეტანილი იმ ცვლილებების გამო, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ფაქტობრივად ვერ შეძლებენ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელებას საქართველოში პირადად ჩამოსვლის გარეშე.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფორმალურად მოქალაქეთა ხმის მიცემის უფლება არ გაუქმებულა. თუმცა, იმის მოთხოვნა, რომ თითოეულ ამომრჩეველს აუცილებლად ფიზიკურად მოეხდინოს გამოცხადება საქართველოში, პრაქტიკულად ზღუდავს ამ უფლებას ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. ემიგრაციაში მყოფი ქართველების დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ იმყოფება ეკონომიკური, პროფესიული ან სოციალური გარემოებების გამო და მათთვის, მხოლოდ არჩევნების მიზნით საქართველოში ჩამოსვლა, სერიოზულ ფინანსურ და ლოჯისტიკურ სირთულეს წარმოადგენს.
აღნიშნული შეზღუდვა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს უსამართლოდ აყენებს უთანასწორო პირობებში ქვეყნის შიგნით მყოფებთან შედარებით. ეს ქმნის განცალკევებისა და უყურადღებობის განცდას ადამიანებში, რომლებიც, მიუხედავად მანძილისა, ყოველდღიურად ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირს სამშობლოსთან, ახორციელებენ მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ წვლილს, ავრცელებენ ქართულ კულტურას ევროპაში და ხელს უწყობენ საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას ჩეხეთსა და სხვა ქვეყნებში.
საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ აცხადებს, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ამ განცხადების რეალური განხორციელება გულისხმობს ხმის მიცემის თანაბრად ხელმისაწვდომი პირობების უზრუნველყოფას ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის, მათი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.
ჩეხეთში ქართული დიასპორის სახელით გთხოვთ, თავიდან განიხილოთ აღნიშნული ცვლილება და უზრუნველყოთ ხმის მიცემის რეალური შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის დისტანციური, საკონსულო ან სხვა თანამედროვე და გამჭვირვალე მექანიზმების აღდგენისა და დახვეწის გზით. ეს ნაბიჯი იქნება ქვეყნის მოქალაქეებისადმი პატივისცემის გამოხატულება, გააძლიერებს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ნდობას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული პრინციპების მიმართ.
ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, კონსტრუქციული განხილვებისთვის და იმ გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკური მომავლის ფორმირებაში.