18/05/2026
ჭაბუკი ქოიავა - 60
60 წლისა შესრულდა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუკი თამაზის ძე ქოიავა. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია:
ბატონო ჭაბუკი!
ჩვენო ერთგულო თანამოსანგრევ!
საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ჩინებულ შემოქმედს, სამშობლო ქვეყნის ბედსა თუ უბედობაზე ღრმად დაფიქრებულ მწერალს და გილოცავენ დაბადების 60 წლისთავს.
თქვენი სამწერლო ნათლობა იმ წლებში შედგა, როდესაც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა განვითარების ახალ, გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა და თქვენც, მშობელი ქვეყნის გულანთებული პატრიოტი, ამ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, კრწანისის ყაყაჩოების ფერადებით სავსე ლექსებს უძღვნიდით ივერთა მიწის მომავალს...
ალბათ, ამიტომაც შეიყვარა ქართველმა მკითხველმა თქვენი ისეთი პოეტური კრებულები, როგორიცაა „კოლხური ღამის მელოდია“, „ქრიზანთემების ყვავილობის დრო“, „ტრფობის კაქტუსი“, „კუნძული სოხუმი“... შეიყვარა იმიტომ, რომ ამ კრებულებში შესული ლექსები მათი ავტორის გულის სისხლითაა შეფერილი და გულწრფელობა, უშუალობა, თავისთავადობა, სათქმელის ცხადად და ნათლად გადმოცემის უნარი გამოარჩევს სხვათაგან.
უყურადღებოდ არც პატარები დაგრჩენიათ. არაერთი მშვენიერი საბავშვო ლექსი უძღვენით საქართველოს მომავალს, რომლებმაც თავი მოიყარა საბავშვო კრებულ „საპოვნელაში“.
კალამი პროზაშიც სცადეთ და აქაც წარმატებას მიაღწიეთ. თქვენი რომანი „ქისტა“, მოთხრობები და ნოველები, რომლებიც ჩვენი ყოფის მტკივნეულ პრობლემებს ეხება, სიღრმითა და სიმძაფრით გამოირჩევა.
ავტორი ხართ საინტერესო ლიტერატურული წერილებისა.
თქვენი რჩეული თხზულებანი ითარგმნა ბულგარულ, უკრაინულ, თურქულ, რუსულ ენებზე.
ფართო საზოგადოებრიობა გიცნობთ, როგორც აქტიურ საზოგადო მოღვაწეს. თქვენ ხომ ყველაფერს აკეთებთ საიმისოდ, რათა თქვენს მშობლიურ ქალაქ ფოთში - დიდი ნიკო ნიკოლაძის ხელდებულ ქალაქში ძალუმად ჩქეფდეს კულტურული ცხოვრება. დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ბრძანდებოდით სალიტერატურო ალმანახ „ორნატისა“. თქვენი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ფოთში დაარსდა ლიტერატურული სალონი „თეთრი სხვენი“; სოხუმში ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდით საზოგადოებრივი პროფესიების ფაკულტეტის დეკანატს, იყავით ფოთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ამჟამად მშობლიური ქალაქის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი მთელ თქვენს ძალასა და ენერგიას მოზარდი თაობის სულიერი ფორმირების ურთულეს ამოცანას ახმართ; არჩეული ხართ საქართველოს მწერალთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ფოთის განყოფილების თავმჯდომარედ.
დაჯილდოებული ხართ აკაკი წერეთლისა და ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემიებით, მონიჭებული გაქვთ ქართული კულტურის ამაგდარის საპატიო წოდება.
ჩვენო ჭაბუკი!
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს ძვირფას მეგობარს, მწერალსა და მამულიშვილს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ახალ შემოქმედებით წარმატებებს.